17/10/2024
22:31
სპორტი
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ კომენტარი გააკეთა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის წილისყრაზე, რომელშიც ჩვენი გუნდი ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
„ძალიან საინტერესო და დაძაბული თამაშები გველის პლეი ოფში. მეტოქის დეტალურ ანალიზს დღეს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ხორვატია ტრადიციულად კარგი გუნდია და ბევრი ნიჭიერი მოთამაშე ჰყავს. რთული თამაშების მოლოდინში ვართ, თუმცა დარწმუნებული ვარ, შანსები გვექნება და მაქსიმალურად ვეცდებით, გამოვიყენოთ.
ყველაზე მთავარი ახლა იწყება, რადგან დიდი მნიშვნელობა ექნება, ამ მატჩებს როგორი მომზადებულები შევხვდებით.
უკეთესი იქნებოდა, პირველი შეხვედრა გასვლაზე გვეთამაშა, მაგრამ ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. ვთვლი, რომ ყველაფერი მეორე მატჩში გადაწყდება და ჩვენი მომზადებაც ამაზე უნდა იყოს აწყობილი“, – ამბობს რამაზ სვანაძე.
პირველ შეხვედრას რამაზ სვანაძის გუნდი 15 ნოემბერს შინ ითამაშებს. ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ხუთჯერ უთამაშია, მათ შორის, ბოლო სამ ფინალურ ტურნირზე.
15 ნოემბერი | საქართველო V ხორვატია
19 ნოემბერი | ხორვატია V საქართველო
0
0