26/10/2024
10:48
არჩევნები 2024
ხმა მივეცი ცვლილებას, ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ მომავალს - ოპოზიცია გაიმარჯვებს! - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განუცხადა.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, ის მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს გამოიყენოს უკანასკნელი შანსი საქართველოს ისტორიაში და ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბაროს ოპოზიციას.
„ხმა მივეცი ცვლილებას, ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ მომავალს. ხმა მივეცი კოალიციური მართვას და უარი ვუთხარი წარსულს. მოვუწოდებ ყველას, ხმის მიცემის დროს ვიფიქროთ ჩვენს შვილებზე, ჩვენს წინაპრებზე, მათ დანაბარებსა და დანატოვარზე, წავიყვანოთ საქართველო იქით, რაც მისი ისტორიული არჩევანი და რაც მომავალი თაობების არჩევანია - ეს არის ევროპა! ოპოზიცია გაიმარჯვებს, ეს ერთმნიშვნელოვანია და იქნება ზეიმი! არაა ჩემთვის მნიშვნელოვანი რას საუბრობენ მთავრობის წარმომდგენლები, ეს არის მათი ბოლო განცხადებები ამ რანგში. ქართველი ემიგრანტები არიან საქართველოს ძალიან ღირსეული მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს დროშა უჭირავთ მთელ მსოფლიოში. ისინი ძალიან მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენენ ამ ქვეყნის ევროპულ არჩევანზე. მოლდოვაში ემიგრანტებმა უზრუნველყვეს ის, რომ მოლდოვა არის ევროპული ქვეყანა და მისი არჩევანი, ერთხელ და სამუდამოდ, განისაზღვრა. ჩვენ ეს განსაზღვრული გვაქვს დიდი ხანია. საზოგადოების უმრავლესობა არის პროევროპული და განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ ჩვენს ემიგრანტებს. ყველანი ერთად, ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, ვირჩევთ ევროპას. ჩვენ მივდივართ ევროპაში!“- განაცხადა გვარამიამ.
მისივე თქმით, მას იმედი აქვს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას მშვიდობიანად გადააბარებს ოპოზიციას.
„იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება აცნობიერებს, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა არის მისი ისტორიული შანსი რამე პოზიტიური მაინც შეიტანოს ამ ქვეყნის ისტორიაში. ეს უკანასკნელი შანსია მათთვის. პირველი მშვიდობიანი გადაცემა იყო 2012 წელს, პირველად ამ ქვეყნის ისტორიაში და მეორე გადაცემა არ იქნება გამონაკლისი, იქნება ტრადიცია. მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, გამოიყენოს უკანასკნელი შანსი საქართველოს ისტორიაში რაღაც პოზიტიური მაინც ჩაწეროს და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების ტრადიციას ჩაუყაროს საფუძველი. ეს სჭირდება საქართველოს და ამას ველოდებით, ადეკვატურობას ახლა მაინც. საქართველო ირჩევს ევროპას, ირჩევს პროდასავლურ ოპოზიციას. რა შემოვხაზე გასაგებია, მაგრამ მთავარია არ შემოვხაზოთ 41. ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეინარჩუნოს ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, დავით გურამიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, შოთა რუსთაველის, დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის გზა. ეს გზა მიდის ერთადერთი მიმართულებით, ევროპაში, ბრიუსელისკენ!“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
0
0