12/09/2022
09:48
სამართალი
12 წლის შვილიშვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ 60 წლის ბაბუას ხაშურის რაიონულმა სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან მსჯავრდებული და მისი ადვოკატი. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ზურაბ თოდუა აცხადებს, სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელია და ის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მსგავსი დაუსაბუთებელი განაჩენი ქართულ სასამართლო სინამდვილეს შესაძლოა, არც გააჩნდეს. ამ განცხადების გაკეთების საფუძველს მაძლევს შემდეგი გარემოებები; სასამართლომ მიიჩნია, რომ პაპას გააჩნია სქესობრივი შეუღლების პოტენცია. დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ორი საექსპერტო დასკვნით უტყუარად დასტურდება, რომ პაპა ხანგრძლივი დროის მანძილზე განიცდის სქესობრივ იმპოტენციას, რაც გახდა კიდევაც მისი ოჯახის დანგრევის საფუძველი 2008 წელს“, - აცხადებს ზურაბ თოდუა.
მისი განმარტებით, დაზარალებული არასრულწლოვანი სასამართლოზე „წინასწარ მიღებულ დირექტივებს იმეორებდა“.
ცნობისთვის, 12 წლის შვილიშვილის გაუპატიურებაში ბრალდებული 60 წლის მამაკაცი სამართალდამცავებმა გასული წლის 12 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 141-ე მუხლით (ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედება); 11 პრიმა, 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტის წლის ასაკს მიუღწეველთან); 11 პრიმა, 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“, მეოთხე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ნდობის გამოყენებით) და 11 პრიმა, 139-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება ჩადენილი ოჯახის წევრის და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
0
0