18/03/2023
21:02
კულტურა
წყალტუბოში შექმნილი NFT-ი, სახელწოდებით “ეიფორია”, რომელზეც შვედმა არტისტმა, რაიან კუპმანსმა იმუშავა, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული სააუქციონო სახლის, Sotheby's-ის აუქციონზე გაიყიდება, - ამის შესახებ არტისტი “ინსტაგრამში” წერს.
მისივე თქმით, აუქციონამდე ნამუშევარი, რომელიც ბლოკჩეინზე არის ინტერგრირებული და შესაბამისად, უნიკალურია, Sotheby's-ის პარიზის გალერეაში იქნება გამოფენილი.
ბრიტანულ-ამერიკული სააუქციონო სახლის შეფასებით, “ეიფორია” ციფრული ნამუშევარია, რომლითაც ავტორი მაყურებელს დროის უწყვეტობის, ბუნების აღორძინებისა და არქიტექტურული ლანდშაფტის სოციალურ-ისტორიული ნუიანსების შესახებ უამბობს.
მათივე თქმით, ამ ნამუშევრით, რომელიც ფოტოგრაფიისა და ანიმაციის შერეული ტექნიკითაა შესრულებული, რაიან კუპსმანმა მიტოვებული ისტორიული შენობა გააცოცხლა და მას სიურრეალისტური ელფერი შესძინა.
აუქციონი, რომელზეც შვედი არტისტის ნამუშევარი გაიყიდება, უკვე დაწყებულია.
სხვათა შორის, “ეიფორია” ერთ-ერთი ყველაზე ძვირად შეფასებული ნამუშევარია კოლექციაში, რომლის გასაყიდი ფასი, სააუქციონო სახლის შეფასებით, 25-დან 35 ათას ევრომდე შუალედში იქნება. აუქციონით დაინტერესებულ პირებს, გადახდა კრიპტოვალუტითაც შეუძლიათ.
ცნობისთვის: “ეიფორია” NFT-ნამუშევრების იმ კოლექციის ნაწილია, რომელსაც ქართველი მკითხველი კარგად იცნობს. გასულ წლის ივნისში, ამ კოლექციაში შემავალი ერთ-ერთ ნამუშევარი ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა, ჯიმ კერიმ შეიძინა. ის ნამუშევარი, ისევე, როგორც “ეიფორია” წყალტუბოს სანატორიუმთაგან ერთ-ერთის ოთახში არის გადაღებული.
www.bm.ge
0
0