16/09/2024
15:02
მსოფლიო
ნიგერიის ბორნოს შტატის ციხიდან ძლიერი წყალდიდობის შემდეგ სულ მცირე 274 პატიმარი გაიქცა. ინფორმაციას CNN-ი ნიგერიის სასჯელაღსრულების სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„წყალდიდობამ ჩამოშალა სასჯელაღსრულების დაწესებულებების კედლები, მათ შორის დაზიანდა ქალაქ მაიდუგურის საშუალო უსაფრთხოების საპატიმრო ცენტრი (MSCC), ასევე, პერსონალისთვის განკუთვნილი შენობები“, - განაცხადა სასჯელაღსრულების სამსახურის სპიკერმა აბუბაქარ უმარმა.
უმარის თქმით, სულ მცირე 281 პატიმარმა მოახერხა გაქცევა, როდესაც ისინი „უსაფრთხო და დაცულ დაწესებულებაში“ გადაჰყავდათ, შვიდი მათგანი კი მოგვიანებით დააკავეს.
მისივე თქმით, სასჯელაღსრულების სამსახური გაქცეულთა ვინაობის შესახებ ინფორმაციას ფლობს და ის მოსახლეობასაც გაუზიარა. პატიმრების ძებნა გრძელდება.
ნიგერიის კატასტროფების მართვის სააგენტოს NEMA-ს უახლესი მონაცემებით, ქვეყანაში წყალდიდობამ 229 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 386 000-ზე მეტი ადამიანი კი იძულებული გახდა, საცხოვრებელი დაეტოვებინა.
0
0