20/09/2021
13:09
პოლიტიკა
წინასაარჩევნო გარემოსა და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებზე ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე spacesnews ესაუბრა.
საარჩევნო გარემოში ახალი ელემენტი გამოჩნდა – „კომპრომატებით ომი“ … თქვენი აზრით, რა გავლენას იქონიებს ეს არჩევნებზე
წინასაარჩევნო პერიოდში კომპრომატები ძირითადად გამოიყენება მაშინ, როდესაც არჩევნებში მონაწილე რომელიმე მხარეს არ ჰყოფნის არგუმენტები ამომრჩევლის მისამხრობად, სუსტი პროგრამა და სუსტი ლიდერები ჰყავს და შესაბამისად, ცდილობს ოპონენტი სწორედ კომპრომატებით დააზიანოს და ამით მოიპოვოს უპირატესობა. „კომპრომატებით ომი“ არაერთი გვინახავს, განსაკუთრებით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანაც ვერ გათავისუფლდა ამ სენისგან, თუმცა კომპრომატებით ომი ბოლო დროს განვითარებულ დემოკრატიებშიც შეინიშნება.
ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს სპეციფიკური უწყებიდან- სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოტანილ ფაილებთან. თუმცა, ჯერ მათი აუთენტურობა არ არის დადგენილი ბოლომდე, მიუხედავად იმისა, რომ რიგმა ადამიანებმა იქ საკუთარი თავი ამოიცნეს. დაველოდოთ გამოძიებას, რომელიც სახელმწიფოს ღირსების საქმეა თავად შემთხვევის პროფილიდან და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, კომპრომატების ასე უკონტროლო ფრიალი რასაც აკეთებენ ოპოზიციის მომსახურე მედიასაშუალებები, საარჩევნო გარემოზე და ამომრჩევლეზე ნეგატიურად მოქმედებს. ის რომ, ამ ფაილების კულტივირებას და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ახდენს „ნაციონალური მოძრაობა“ და მის ორბიტაზე მოტრიალე ოპოზიციური პარტიები, იმის მანიშნებელია რომ ოპონენტის მიმართ არგუმენტების დეფიციტი აქვთ. საარჩევნო პროგრამაც არ წარუდგენიათ ნორმალურად და დღენიადაგ რეფერენდუმზე საუბრობენ. არჩევნებს წინასწარ გაყალბებულად აცხადებენ და დესტაბილიზაციისათვის ემზადებიან. აქედან გამომდინარე, კომპრომატების გამოყრა სწორედ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ოპოზიციისათვის დახმარების ტოლფასია და არა სამართლიანობისთვის მებრძოლი, ვინმე მარტოსული გმირის საქციელი. ეჭვი მაქვს, რომ ეს სწორედ ის ერთ- ერთი „სიურპრიზია“ რაზედაც ადრე მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა. დროში დამთხვევა, კომპრომატების მიზანი -ხელისუფლების და ეკლესიის დაპირისპირება, თავად ეკლესიის დისკრედიტაცია, საზოგადოებაში შფოთის და უნდობლობის დათესვა, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვა – ეს ყველაფერი ოპოზიციის იარაღია საკუთარი მიზნების მისაღწევად. ეს მიზანი კი ხელისუფლებაში დაბრუნებაა.
თქვენ განაცხადეთ, რომ ოპოზიცია წინასწარ ცდილობს შექმნას განცდა, რომ არჩევნები გაყალბდება. თუმცა, ერთია რას ამბობს ოპოზიცია და მეორე, რამდენად ირწმუნებს ამას მოსახლეობა და ამომრჩეველი. თქვენი დაკვირვებით, რა მდგომარეობაა ამ კუთხით?
დიახ, ოპოზიცია აქტიურად ცდილობს ამას და ამაში მათ მოკავშირეებად ჰყავთ როგორც მათთან პირდაპირ აფილირებული ახლადგამომცხვარი სამოქალაქო ორგანიზაციები, დამკვირვებლებად რომ მოგვევლინენ უცბათ, არამედ სტაჟიანი და ცნობადი არასამთავრობოებიც, რომლებიც საარჩევნო გარემოზე ზრუნვის საფარქვეშ, ცდილობენ არჩევნების დისკრედიტაციას.
მაგალითად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურობაზე მათი გათანაბრების მოთხოვნის კეთილშობილი შეფუთვით, საზოგადოებაში, მათ შორის, საერთაშორისო დამკვირვებლებში ქმნის აღქმას, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ხდება რაღაც უკანონო და არაკონსტიტუციური. იქ არავინ, ან ცოტა ვინმე თუ ჩაეძიება ამ ორგანიზაციის ახსნა-განმარტებებს, თუ რატომ შეიტანეს სარჩელი მაინცადამაინც ეხლა. ამით, მათ უარყოფითი განწყობის ფონი შექმნეს არჩევნების მიმართ და როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომელიც ასევე კონსტიტუციონალისტია, ანალოგიური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ადრე, „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ შეიტანა და მიზანი მაშინაც არჩევნების დისკრედიტაცია იყო.
სამწუხაროა, რომ ცალკეული ცნობადი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც არ მოსწონთ ამჟამინდელი მმართველი პარტია, ეს მათი ნებაა, ცდილობენ ვითომდა დემოკრატიული არჩევნებზე ზრუნვის საფარქვეშ შექმნან აღქმები, რომ არჩევნები ცუდად ჩატარდება. რომ წინასაარჩევნო გარემო ცუდია და ა.შ. ბუნებრივია, ეს ყველაფერი „ნაცმოძრაობისა’ და მის ირგვლივ დარაზმული ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს. არადა, ეუთო-ოდირის შუალედური ანგარიში, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა, შეიცავს გარკვეულ კრიტიკას და შენიშვნებს, მაგრამ ცალსახად აღნიშნავს რომ არჩევნები ზოგადად მშვიდ, კონკურენტულ და პლურალისტული მედიის გარემოში მიმდინარეობს. ანუ საერთაშორისო დამკვირვებლები ადგილობრივებისგან განსხვავებით არ სახავენ აპოკალიპტურ სურათს.
0
0