03/11/2024
12:58
მსოფლიო
მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ გაყალბების, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ალექსანდრე სტოიანოგლომ განაცხადა. მოლდოვის სოციალისტური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატმა, ალექსანდრე სტოიანოგლომ ხმა კიშინეუს საარჩევნო უბანზე მისცა.
ჟურნალისტებთან საუბრისას სტოიანოგლომ განაცხადა, რომ კატეგორიულად წინააღმდეგია კორუფციისა და გაყალბების.
„დღეს ჩემს ოჯახთან ერთად ხმა მივეცი თავისუფალ, სტაბილურ და აყვავებულ მოლდოვას. მოლდოვას, რომელიც პატივს სცემს თავის ხალხს ენის, ეროვნების, ასაკის, რელიგიისა და პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად“, – განაცხადა სტოიანოგლომ და ყველა მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე შესაძლო გაყალბებების, რუსეთში ამომრჩეველთა ორგანიზებული გადაყვანისა და ხმების ყიდვის შესახებ სტოიანოგლომ განაცხადა, რომ ამ საკითხებს კომპეტენტური სამართალდამცავი ორგანოები უნდა იძიებდნენ.
„მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ კორუფციისა და არჩევნების გაყალბების. მიმაჩნია, რომ არჩევნები არის დემოკრატიული პროცესი, რომელზეც წვდომა უნდა ჰქონდეს მოლდოვის ყველა მოქალაქეს. მე არასდროს მიმიღია მონაწილეობა ხმების მოსყიდვაში, პარტია, რომელიც მხარს მიჭერს ამ არჩევნებში, არ მონაწილეობს ხმების მოსყიდვაში“, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება მოქმედ პრეზიდენტს, „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტიის კანდიდატს, მაია სანდუსა და ყოფილ გენერალურ პროკურორს, სოციალისტური პარტიის კანდიდატს, ალექსანდრე სტოიანოგლოს შორის უწევთ.
ცნობისთვის, არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 20 ოქტომბერს გაიმართა, სანდუმ მიიღო ხმების 42.45%, ხოლო სტოიანოგლომ – 25.98%
0
0