18/02/2023
10:40
კულტურა
“მაგალითად რომ წარმოვიდგინოთ, რომ მოვესწარით ასეთ ბედნიერ დღეს, რომ ფიროსმანი გაცოცხლდა, გამოგვეცხადა გალერეაში და გაიტაცა თავისი რომელიმე ნამუშევარი. ექნებოდა თუ არა მას ამის უფლება?” - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა POSTV-ის ეთერში, ეროვნულ გალერეაში 4 თებერვლის ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა.
„პროექტის არსებობის, შინაარსის შესახებ მე გავიგე სწორედ მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ხელოვანმა გაიტაცა თავისი ნამუშევარი და მან თავისი ნამუშევრის ადგილას გარკვეული წარწერა დატოვა. ასე დავიწყე დეტალური ჩახედვა თუ რა და როგორი გამოფენაა. თავიდან გალერეის გუნდი და ხელმძღვანელობა დაბნეული იყო, რადგან არ იყო მათთვის ცნობილი, რომ მხატვარმა გაიტაცა საკუთარი ნამუშევარი. თუმცა, რაც არ უნდა შენივე ნამუშევარი გაიტაცო გალერეიდან, მაგალითად რომ წარმოვიდგინოთ, რომ მოვესწარით ასეთ ბედნიერ დღეს, რომ ფიროსმანი გაცოცხლდა, გამოგვეცხადა გალერეაში და გაიტაცა თავისი რომელიმე ნამუშევარი. ექნებოდა თუ არა მას ამის უფლება? ძალიან ფილოსოფიური და საინტერესო კითხვაა… თუ მივცემდით, მაშინ იმასაც დავაყოლებდით, რომ ფიროსმანი ფიროსმანია“, - განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანის თქმით, კულტურის სამინისტრო გააგრძელებს ხელოვანების მხარდაჭერას. მინისტრის თქმით, ხელოვანის პროტესტი გარკვეული პოლიტიკოსების მიერ იქნა გამოყენებული.
ეროვნულ გალერეაში, 4 თებერვალს, გამოფენის მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“, რასთან დაკავშირებითაც შსს-მ გამოძიება დაიწყო. მოგვიანებით კი უწყებამ საქმე დახურა.
0
0