22/04/2023
12:42
კონფლიქტები
საოკუპაციო ხაზთან, რუსი ოკუპანტების მიერ სასტიკად ნაცემი, 50 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდება. არსებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა ის იარაღის კონდახით სცემეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კაცი საავადმყოფოში გადაიყვანა.
შეიარაღებული ოკუპანტების თავდასხმას იხსენებს ნაცემი კაცის მეუღლე, რომელიც მომხდარის დროს ადგილზე იმყოფებოდა.
"როდესაც საქონელს ვაძოვებდით, ორი ოკუპანტი დაგვესახა თავს და მცდელობა ჰქონდათ ჩვენი გატაცების, მაგრამ ჩვენ გამოვიქეცით, დიდი მანძილი ვირბინეთ, ჩემი მეუღლე წააქციეს, ცდილობდნენ გაეკოჭათ, ფეხებთან ორჯერ დაგვახალეს. ხალხმა გაიგო ხმა და გამოვიდნენ, მაგრამ ახლოს ვერავინ მოვიდა, ამასობაში ჩვენი პოლიცია გამოჩნდა და მათ დანახვაზე გაიქცნენ. ჩემს მეუღლეს კონდახი აქვს ჩარტყმული, წარბი აქვს გახეთქილი, თავი აწუხებს", აცხადებს მეუღლე.
მისივე განცხადებით, ორი შეიარაღებული ოკუპანტი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა..
ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას და სოფელში 24 საათიან პატრულირებას ითხოვს. სუს-მა სოფელ ჭვრინისთან, საქართველოს მოქალაქეების გატაცების მცდელობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.
0
0