04/09/2024
23:33
სპორტი
რამაზ სვანაძემ კომენტარი გააკეთა შემოდგომის სანაკრებო ციკლის მოახლოებაზე, რომელსაც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 5 სექტემბერს, „ბათუმი არენაზე“ მოლდოვასთან მატჩით დაიწყებს.
„ძალიან საინტერესო 4-მატჩიანი მიკროციკლი გველოდება. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რადგან შედეგისა და წინსვლისთვის მენტალური მზადყოფნა აუცილებლად დაგვჭირდება.
პირველი თამაში გვაქვს მოლდოვასთან, რომელსაც სერიოზულად ვაფასებთ და ვეკიდებით, რადგან ამ გუნდმა ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა. მოსამზადებლად არც ისე დიდი დრო გვქონდა, მაგრამ ამ მოკლე პერიოდის მაქსიმალურად კარგად გამოყენებას ვეცადეთ.
მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების, რადგან დიდი ხანია, ერთად მოვდივართ და დიდი ხანია, წარმატებული პერიოდი გვაქვს. მაგრამ მხოლოდ ხვალინდელ დღეზე და თამაშზე ვფიქრობთ. ამიტომ ხვალინდელ თამაშს დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, მზად ვართ, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ მოედანზე გამოჩნდება.
ბათუმში თამაშით ბედნიერები ვართ, ამ ულამაზეს ქალაქში ჩამოსვლა გვიხარია და ვთხოვ გულშემატკივრებს, მოვიდნენ მოლდოვასთან მატჩზე, მხარი დაგვიჭირონ, რადგან სხვაგვარი გუნდი ვართ ცარიელი ტრიბუნების წინ და სულ სხვაგვარი, როდესაც მხარს ჩვენი მაგარი გულშემატკივარი გვიჭერს“, – ამბობს რამაზ სვანაძე.
ბათუმის შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდი ვენლოში გაემგზავრება, სადაც 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს ნიდერლანდებთან გამართავს.
ჩვენ გუნდს გასული ექვსი ტურის შემდეგ ჯგუფში 13 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. 10 ქულით შვედეთი მესამე ადგილს იკავებს, ხოლო პირველადგილოსან ნიდერლანდებს 21 ქულა აქვს.
5 სექტემბერს, 20:00 საათზე 21-წლამდელების მოლდოვასთან დაპირისპირების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
0
0