14/11/2024
16:43
პოლიტიკა
ნუ დავყოფთ საზოგადოებას უმცირესობად - უმცირესობა არ არსებობს, ყველა ერთნაირები ვართ - ვის ვინ მოსწონს და ვის რა ორიენტაცია აქვს, ეს მისი უფლებაა, მაგრამ თავისთვის დაიტოვოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ამ ქვეყანაში ყველას უფლებები დაცულია განურჩევლად მათი სარწმუნოებისა და თუნდაც სექსუალური ორიენტაციისა.
„ძალიან ბევრი რამ შეიცვლება, ამერიკაში გაიმარჯვა დონალდ ტრამპმა, რომელსაც კონსერვატიული ღირებულებები აქვს და დაველოდოთ. ბევრი რაღაც შეიცვლება სხვადასხვა მიმართულებით. რაც შეეხება აღნიშნულ კანონს [„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“] ჩვენ ვეწინააღმდეგებით ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდას როგორც მოზარდებში, ასევე ბავშვებში კატეგორიულად მიუღებელია. ამ ქვეყანაში ყველას უფლებები დაცულია განურჩევლად მათი სარწმუნოებისა და თუნდაც სექსუალური ორიენტაციისა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ყველა ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ყველას უფლება დაცულია. ვინ ვისთან, როგორ და რა ფორმით დადის, ეს მათი უფლებაა - როგორც უნდათ, ისე იყვნენ, ეს არ არის ჩვენი განსჯის საგანი. მთავარია, რომ თავიანთი პირადული თავისთვის ჰქონდეთ“, - განაცხადა კალაძემ.
ამავე თემაზე საუბრისას კალაძემ აღნიშნა, რომ „თავისი პირადი ცხოვრება ყველამ თავისთვის უნდა დაიტოვოს.“
„აქ საუბარი არ არის მხოლოდ ბავშვებსა და პატარებზე. ზოგადად, საუბარია საზოგადოებაზე. ჩვენ ხომ არავის ცხოვრების წესში არ შევდივართ და არ ვაპირებთ ვინმეს განსჯას, ვის ვისთან და როგორ სძინავს - ეს ჩვენი საქმე არ არის. საერთოდ არ მაინტერესებს არც მე და არც მთავრობას. ყველამ თავისი პირადი ცხოვრება თავისთვის დაიტოვოს.
ნუ დავყოფთ საზოგადოებას უმცირესობად. რა უმცირესობაზეა საუბარი? უმცირესობა არ არსებობს - ყველა ერთნაირები ვართ. გვაქვს ორი ფერი, ორი ხელი. ვის ვინ მოსწონს და ვის რა ორიენტაცია აქვს, ეს მისი უფლებაა, მაგრამ თავისთვის დაიტოვოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024