05/06/2023
09:23
სპორტი
იტალიის სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია, ხოლო სეზონის საუკეთესო თავდამსხმელად ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენი დასახელდნენ.
ნიგერიელები ამჯერადაც უკმაყოფილოები დარჩნენ A-ს მესვეურთა ამ გადაწყვეტილებით. უფრო მეტიც, ისინი ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და უსამართლოდაც აფასებენ.
გთავაზობთ ზოგიერთ კომენტარს:
"ვიქტორი გაძარცვეს".
"ვიქტორი უფრო მეტს იმსახურებს, კვარა ბოლო თამაშებში აჩრდილივითაა, მაგრამ მერე რა, სამაგიეროდ, ის მარადონას ვიზუალს უფრო შეესაბამება".
"ეს იმიტომ მოხდა, რომ კვარა თეთრია",
"იტალიელები რასისტები არიან, ამიტომ არ მიკვირს რომ ვიქტორმა ვერ გაიმარჯვა",
"ოსიმენს რასისტების ლიგაში ყოველთვის გაძარცვავენ", - წერენ ვიქტორ ოსიმენის გულშემატკივრები პოპულარულ სპორტულ გვერდებზე კომენტარებში.
აღსანიშნავია, რომ იქვე, კომენტარებში, ხვიჩა კვარაცხელიას კრიტიკოსებს "კვარას" გულშემატკივრები დიდი მონდომებით უხსნიან ოსიმენის ფანებს თუ რატომ იმსახურებდა ხვიჩა ამ ტიტულს. ქართველებთან ერთად ამ კუთხით იტალიელებიც აქტიურობენ და წერენ, რომ ნიგერიელები უსამართლოდ აკრიტიკებენ ქართველ ფეხბურთელსა და სერია A-ს გადაწყვეტილებას.
შეგახსენებთ, რომ ნიგერიელებმა ერთხელ უკვე დაადანაშაულეს სერია A რასიზმში და "კვარას" გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში "ომი" გამოუცხადეს.
ნიგერიელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ოსიმენი მისი კანის ფერის გამო "იჩაგრება".
დაპირისპირება რამდენიმე კვირის წინ იქამდეც მივიდა, რომ ოსიმენის მხარდამჭერი განცხადება ნიგერიის პრეზიდენტმაც "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე დაწერა: "ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენმა ბიჭმა, ვიქტორ ოსიმენმა მოიპოვა გვირგვინი, როგორც სერია ა-ს ახალმა მეფემ" - წერდა მაშინ ნიგერიის პრეზიდენტი.
წყარო: ambebi.ge
0
0