07/11/2024
10:56
პოლიტიკა
ვინმეს სჯერა, რომ პროკურატურა რამეს გამოიძიებს?! - ესეც არის არჩევნების გაყალბების გაგრძელება, რომ ჩვენ გვთხოვს მტკიცებულებების მიტანას პროკურატურა, რომელსაც თვითონ უნდა ეძებდეს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, სოციალური მედია სავსეა მტკიცებულებებით და თუ ვინმეს რეალურად აინტერესებს ნახვა, მაგის პრობლემა არ არის.
„კითხვები ჰქონდათ ძირითადად ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელიც მე ჩავწერე, სადაც ვყვები გაყალბების სქემებზე და აინტერესებდათ მტკიცებულებები. რამდენჯერმე მომიწია მითითება ვებ-გვერდების მისამართებზე, სადაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, არა მხოლოდ პროკურატურას, შეუძლია ნახოს მტკიცებულებების წყება, თუ რა ხდებოდა არჩევნების დღეს. შესავალ სიტყვაში ავხსენი, ზოგადად, წინასაარჩევნო გარემოს ჩათვლით, საერთოდ როგორ მოხდა საქართველოს მოქალაქეების ნების და არჩევანის მიტაცება. დანარჩენი კითხვები იყო მეტწილად ტექნიკური ხასიათის, სადაც ძირითადად მიწევდა მითითება სხვადასხვა ვებ-გვერდებზე. ზღვა მასალა არის განთავსებული სხვადასხვა ვებ-გვერდებზე და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ნახოს. თუ ვინმეს რეალურად აინტერესებს ნახვა, მაგის პრობლემა არ არის. სინამდვილეში, არჩევნების გაყალბება არ არის მარტო არჩევნების დღეს, არჩევნები გაყალბება არის წინასაარჩევნო პერიოდშიც და ახლა რასაც ვაკეთებთ, აქ რომ ვდგავარ და მიწევს სიარული და კითხვებზე პასუხების გაცემა, ესეც არჩევნების გაყალბების გაგრძელებაა. ვინმეს სჯერა, რომ პროკურატურა რამეს გამოიძიებს?! ესეც არის არჩევნების გაყალბების გაგრძელება, რომ აქეთ ჩვენ გვთხოვს მტკიცებულებების მიტანას პროკურატურა, რომელიც თვითონ უნდა ეძებდეს ამ მტკიცებულებებს და რომლითაც სავსეა მთელი მედია“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, გუშინ, "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი, სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელი, ლონდა თოლორაია დაიკითხნენ.
0
0