01/03/2023
10:51
კონფლიქტები
აფხაზეთმა უნდა შეამოწმოს საკუთარი სამობილიზაციო შესაძლებლობები და მოამზადოს კონცეფცია შეიარაღებული ძალების რეფორმისთვის. როგორც აფხაზური მედია იუწყება, ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ 28 თებერვალს სოხუმში გამართულ კონფერენციაზე „სპეციალური სამხედრო ოპერაცია, როგორც მსოფლიო და რეგიონული პოლიტიკის ფაქტორი“ განაცხადა.
შამბას განცხადებით, აფხაზეთში მშვიდობიანი ცხოვრება დიდწილად არის დამოკიდებული საქართველოს შიდაპოლიტიკურ კონიუქტურაზე.
„საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა ნეიტრალურია რუსეთის მიმართ. უფრო მეტიც, ის აქტიურად ეწინააღმდეგება უკრაინის ხელისუფლებისა და საკუთარი ოპოზიციის მცდელობებს, რომლებიც ითხოვენ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“, - განაცხადა მან.
შამბას მიაჩნია, რომ საქართველოს ასეთი პოლიტიკის უკან არ დგას რუსოფილია ან ურთიერთობების ნორმალიზების სურვილი და საქართველოს ხელისუფლების ეს საქციელი პრაგმატული მიზეზებით არის განპირობებული.
„თუმცა, ვინ თქვა, რომ ამჟამინდელი ზეწოლის შედეგად საქართველოს ხელმძღვანელობა არ შეიცვლება ანტირუსული რადიკალებით ან თავად არ გახდება იძულებული, მეორე ფრონტი გახსნას?“ - აცხადებს შამბა.
მისი განცხადებით, ამ ვითარებაში აფხაზეთმა რამდენიმე საკითხზე უნდა გაამახვილოს ყურადღება.
„პირველ რიგში, ჩვენ ყურადღებით უნდა შევამოწმოთ ჩვენი არმიის სამობილიზაციო შესაძლებლობები, შესაბამისი მითითებები უკვე გაცემულია პრეზიდენტის მიერ. მეორეც, უმოკლეს ვადებში უნდა მომზადდეს შეიარაღებული ძალების რეფორმის კონცეფცია. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გადაიარაღების, ჯარის უახლესი ტიპის იარაღითა და სამხედრო ტექნიკით აღჭურვის საკითხებს. მესამე, ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის ახალი რეგიონების - დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების მხარდაჭერის პოლიტიკას“, - განაცხადა შამბამ.
0
0