30/09/2024
13:02
საზოგადოება
რუსული მედია ეხმაურება საქართველოში რუსი ტურისტის გარდაცვალებას - ახალგაზრდა ქალი მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდნის შედეგად დაიღუპა.
ტრაგედია თბილისში, რესპუბლიკის მოედნის ტერიტორიაზე ღამის ორ საათზე მოხდა, როდესაც ორი მეგობარი დედაქალაქის ქუჩებში სეირნობდა, ალა პუგაჩოვას ცნობილ ჰიტს "Веселые ребята-ს" მღეროდა და ამ დროს ვიდეოს იღებდა. ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ მოულოდნელად ერთ-ერთ მათგანს - 24 წლის არინა გლაზუნოვას ფეხი დაუცდა და მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა, რის შედეგადაც თავის მძიმე ტრამვა მიიღო.
დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მას ქალის ძვლის დაზიანება დაუდგინეს. მიუხედავად მედიკოსების ძალისხმევისა, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის 27 სექტემბერს, პარასკევს გარდაიცვალა.
"ამ დროისთვის იმ ადგილას, სადაც გოგონა ჩავარდა, მეგობრებმა ყვავილები მიიტანეს და იმპროვიზირებული მემორიალი გააკეთეს", - წერს ერთ-ერთი გამოცემა.
რუსული მედია არინას მეგობრების კომენტარებსაც ავრცელებს. მათი თქმით, ის მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობდა და რუსეთის სახალხო მეურნეობისა და სახელმწიფო სამსახურის აკადემიის კურსდამთავრებული იყო. მან უნივერსიტეტი 2022 წელს დაამთავრა, საქართველოში კი მეგობართან ერთად მოგზაურობდა.
"ერთმანეთი 2019 წელს გავიცანით, როდესაც ჩემმა მეგობარმა თეატრალური წრის ღონისძიებაზე მიმიწვია. მოგვიანებით, იმავე წელს, მეც ამ წრის წევრი გავხდი და მაშინ დავმეგობრდით... მას შესანიშნავი იუმორის გრძნობა ჰქონდა, ძალიან მიყვარდა", - ამბობს გამოცემასთნ არინას მეგობარი ოლგა.
როგორც არინას კიდევ ერთი ახლო მეგობარი ამბობს, გოგონა PR-მენეჯერად მუშაობდა კრეატიულ სააგენტოში, თუმცა მხოლოდ ამით არ იყო დაკავებული. ის ასევე უვლიდა უპატრონო ცხოველებს და ეწეოდა ქველმოქმედებას.
"ის მუდამ ახერხებდა გამამხნევებელი სიტყვების პოვნას მათთვის, ვისაც ეს სჭირდებოდა. იყო წარმოუდგენლად ნაზი, უნიკალური, მახვილგონიერი. მეჩვენება, რომ მას ყველა აღმერთებდა, მათ შორის მეც. გავრცელებულ ვიდეოში ვნახეთ არინას უკანასკნელი სიმღერა... ძალიან მომენატრება", - ყვება მეგობარი.
არინა იმ ღამითაც კარგ განწყობაზე იყო. უბედური შემთხვევა ვიდეოზეა დაფიქსირებული.
სოციალურ ქსელებში წერენ, რომ "აღნიშნული მიწისქვეშა გადასასვლელი ძალიან საშიშია და საფრთხეს უქმნის სხვა ფეხით მოსიარულეებსაც".
რუსული მედიის ინფორმაციით, არინას მშობლები საქართველოში ჩამოვიდნენ ყველა საჭირო დოკუმენტის მოსაწესრიგებლად და მისი ნეშტის სამშობლოში დასაბრუნებლად.
0
0