21/08/2024
22:31
სამართალი
ქალი პაბლო ესკობარი - ასე მოიხსენიებს თურქული მედია ქალს, რომელსაც საქართველოში უვადო პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი. "ინტერპოლის" წითელი ცირკულარით ძებნილი 40 წლის შეჰრიბან თოფთალი ნიქოზიაში დააპატიმრეს.
40 წლის ქალი ინტერპოლის წითელი ცირკულარით მას შემდეგ იძებნებოდა, რაც ქართველმა სამართალდამცველებმა ტრანსნაციონალური სქემა გაშიფრეს. გაირკვა, რომ მსხვილ ნარკოკარტელს სათავეში შეჰრიბან თოფთალი ედგა, რომელსაც, თანამზრახველებთან ერთად, საქართველოში უვადო პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული. თურქული მედია ჩრდილოეთ კვიპროსის სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ "ბარონსესას" მეტსახელით ცნობილი შეჰრიბან თოფთალი ნიქოზიაში ორი დღის წინ დააპატიმრეს. ძებნილის დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს თოფთალის ქართველი ადვოკატი.
გამოძიების მასალებით, შეჰრიბან თოფთალის ნარკოკარტელს საქართველოში ხათუნა კაჯაევა, იგივე ნარი ანტონოვა ხელმძღვანელობდა. ის საქართველოსა და თურქეთის ორმაგი მოქალაქეა და ტრანსნაციონალური დანაშაულისთვის უვადო პატიმრობა ასევე დაუსწრებლად აქვს მისჯილი. ბორჯომში მისი მეზობლები ამბობენ, რომ კაჯაევა დიდი ხანია აღარ უნახავთ. კვიპროსის მედიაში გავრცელდა ე.წ. მინისტრთა საბჭოს ბრძანება კაჯევას თურქეთში დეპორტაციის შესახებ. მიზეზად ნარკოტიკებით ვაჭრობა სახელდება.
შეჰრიბან თოფთალისა და ხათუნა კაჯაევას ნარკოკარტელი ქართულმა გამოძიებამ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გაშიფრა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ დიდი ოდენობით ჰეროინი, კოკაინი, მეტადონი, ამფეტამინი და სხვა მძიმე ნარკოტიკები ქვეყანაში მალულად ტრაილერებით შემოჰქონდათ, შემდეგ კი ქვეყნის მასშტაბით ასაღებდნენ. დანაშაულებრივ სქემაში ჩართეს ათობით ადამიანი, რომლებიც ნარკოტიკებს ე.წ. დადების პრინციპით ასხვისებდნენ.
საქმის მასალებით, ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფი უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას სხვადასხვა გზით ახდენდა. მათ შორის, კვიპროსსა და თურქეთის რესპუბლიკაში შეიძინეს ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონება, სახლები და ავტომობილები. შავი ფულის ქვეყნიდან გატანის მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების სახელით გახსენეს არაერთი საბანკო ანგარიში. დგინდება, რომ, 2021-დან 2023 წლამდე, თურქეთსა და კვიპროსში ნარკოტიკების კონტრაბანდით გამომუშავებული 20 მილიონ ლარზე მეტი გადაირიცხა. დაჯგუფების არაერთი წევრი მრავალწლიან სასჯელს საქართველოში უკვე იხდის, თუმცა ჯერ უცნობია, როდის წარდგება ქართული მართლმსაჯულების წინაშე ნარკოკარტელის სათავეში მყოფი ორი ქალი.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024