20/05/2024
10:07
სამართალი
სამეგრელოში სისხლიანი გარჩევა 25 წლის თორნიკე გოგიას მკვლელობით დასრულდა. სენაკში, გორის ქუჩაზე გოგიებს საკუთარ სახლში თავს დანით შეიარაღებული პირები გვიან ღამით დაესხნენ. ინციდენტის დროს, სავარაუდოდ, კიდევ 2 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ერთ-ერთი მოკლულის ძმაა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის დროს, დაზიანებები მიიღო ერთ-ერთმა თავდამსხმელმაც.
მოკლული ახალგაზრდა, ექსპერტიზის შემდეგ, სახლში გადაასვენეს. დაჭრილები კი ქუთაისის კლინიკაში არიან გადაყვანილი.
მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთ-ერთი თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავა. ის 21 ლუკა სარიაა.
"ძალიან შეძრულები ვართ ამ ფაქტით. ძმებ გოგიებს კარგად ვიცნობ. მათი ერთი ძმა არის ნასამართლევი მხოლოდ, წლების წინ კონფლიქტი მოხდა, მგონი დაჭრა ვიღაც, ამის გამო ციხეში მოხვდა, მაგრამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ის საქართველოდან წავიდა და საზღვარგარეთ ცხოვრობს. დანარჩენ ძმებს ვიცნობ, რომლებიც სენაკში არიან. ისინი ძალიან პატიოსანი ცხოვრებით ცხოვრობენ. ძმებიდან მხოლოდ ერთი, 27 წლის ალექსია დაოჯახებული, დანარჩენს არ ჰყავს ცოლ-შვილი. სულ 6 დედამიშვილი არიან, 5 ძმა და ერთი და. გუშინ რა მოხდა, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ის შემიძლია გითხრათ, რომ, არც თორნიკეს აქვს კრიმინალებთან კავშირი და არც ალექსის. მისი პატარა ძმებიც სკოლის ასაკიდან სულ ფიზიკურად შრომობენ და მართლა პატიოსნად ცხოვრობენ. ვინ და რატომ გაიმეტა ისინი ასე სასიკვდილოდ, ნამდვილად არ ვიცი.
ძალიან კარგი ოჯახი აქვთ, ბებიას და ბაბუას დიდი წვლილი აქვს მათ აღზრდაში. ბებო პედაგოგია. ბიჭების დედა აფხაზეთიდან არის და საზღვარგარეთ დადიოდა სამუშაოდ. ამჟამადაც თურქეთში იმყოფებოდა და სწორედ იქ გაიგო ეს თავზარდამცემი ამბავი. ახლა დედა მოდის, გზაშია და ამ მწარე რეალობის წინაშე დადგა ეს ოჯახი. ალექსის ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, ქუთაისში წევს და როგორც მითხრეს, გადარჩება. ღმერთმა გადაარჩინოს, გული მეწვის, რადგან ძალიან კარგად ვიცნობ, ძალიან მორიდებული და მშრომელი ბიჭია, მხოლოდ კარგი შემიძლია მასზე ვთქვა. თორნიკეც კარგი ბიჭი იყო. ამბობენ, თითქოს საზღვარგარეთ მყოფი მათი ძმის გამო მოუხდათ კონფლიქტი. არ ვიცი ეს რამდენად მართალია, მაგრამ ძმასთან კონფლიქტის გამო მის ძმებს რატომ გაუსწორდნენ ასე სასტიკად? ძმები რა შუაში იყვნენ? ყველაზე უფროსია ალექსი, 27 წლის და მათი ნაბოლარა და ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა. პატარები არიან ასაკით. ასეთი ტრაგედია არ უნდა დატრიალებულიყო. რა საქმის გარჩევა იყო, ალბათ გაირკვევა ყველაფერი. მთელი დღე ვტირი, თორნიკე, მაღალი, გამხდარი, გარეგნულად ლამაზი ბიჭი იყო, ახალგაზრდას მოუსწრაფა ვიღაცამ სიცოცხლე, დაკავებულს არ ვიცნობ, მაგრამ ამბობენ, რომ სენაკელია ისიც. თორნიკე ახლა იწყებდა ცხოვრებას და ასე უმოწყალოდ მოუსწრაფეს სიცოცხლე", - ამბობს ადგილობრივი.
0
0