10/04/2023
21:30
სპორტი
ირის ანტმანმა, რომელიც საქართველოს ქალთა ფეხბურთის ისტორიაში, ეროვნული ნაკრების პირველი უცხოელი მთავარი მწვრთნელია, გუნდზე და ახალ გამოწვევაზე პირველი კომენტარი გააკეთა.
„მჯერა, რომ შრომით, თავდადებითა და დისციპლინით ჩვენ ისეთ გუნდს შევქმნით, რომლითაც მთელი ერი იამაყებს“, – აცხადებს ირის ანტმანი.
47 წლის ირის ანტმანს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ფეხბურთელობის დროს მეკარედ თამაშობდა, 1997-2010 წლებში ისრაელის ნაკრებში 48 მატჩი ჩაატარა, ბოლოს ნაკრების კაპიტანი იყო.
სამწვრთნელო კარიერა 2012 წელს ისრაელის საფეხბურთო აკადემიაში დაიწყო, სადაც 2020 წლამდე მუშაობდა. ანტმანი ისრაელის 17 და 19-წლამდე ნაკრებებში მეკარეების მწვრთნელი იყო.
ანტმანმა ფეხბურთის თამაში 16 წლის ასაკში ჰაიფას „მაკაბიში“ 1990-იანი წლების ბოლოს გარემარბად დაიწყო, მაგრამ ტრავმამ აიძულა სათამაშო ამპლუა შეეცვალა, მეკარედ ეთამაშა და კარიერის ბოლომდე ამ ამპლუაში დარჩენა ამჯობინა. კარიერის განმავლობაში ცხრაჯერ გახდა ისრაელის ჩემპიონი და 8-ჯერ ქვეყნის თასის მფლობელი. მეკარეობის მიუხედავად, რამდენიმე გოლის გატანაც შეძლო – 2010 წლის მარტში კი ერთ-ერთი მატჩში დუბლი შეასრულა.
მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ ისრაელის ფეხბურთის ასოციაციამ ისრაელის ახალგაზრდული ნაკრებების მეკარეების მწვრთნელად დანიშნა, როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა გუნდში. 2019 წელს ისრაელის 19-წლამდე გოგონათა ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა, რომელიც 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე მიიყვანა.
ანტმანი არის პირველი ქალი მწვრთნელი, რომელმაც ისრაელში პროფესიული მწვრთნელის სერთიფიკატი მიიღო. 2019 წელს იგი უეფა-მ სამწვრთნელო ლიცენზირების პროექტში ჩართო. ბოლოს ანტმანი „მაკაბი კიშრონოტ ჰადერას“ დირექტორი გახლდათ.
საინტერესოა, რომ მისი მეუღლე ისრაელის ნაკრების ყოფილი მეკარე და მეკარეთა მწვრთნელი გიორა ანტმანია, ვაჟები – ნივი და ოფეკიც ფეხბურთს თამაშობენ და ამპლუით ისინიც მეკარეები არიან.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024