19/08/2024
21:41
სამართალი
განეიტრალებულია ქვემო ქართლში მოქმედი დაჯგუფება რომელსაც, "კურიერის" ინფორმაციით, თურქეთიდან კრიმინალური ავტორიტეტი, მეტსახელად "ქენან ბრილიანტი" მართავდა. ათი ათასობით დოლარის გამოძალვას კრიმინალები მარნეულსა და ბოლნისში, ადგილობრივი მეწარმეებისგან ცდილობდნენ.
5-ტომიანი საქმის მასალებით დგინდება, რომ, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, ბრალდებულები აზიანებდნენ და ანადგურებდნენ იმ ადამიანების ქონებას, რომელთაგან დიდი ოდენობით თანხების მითვისებას ცდილობდნენ. სახლში მოლოტოვის კოქტეილის შეგდება, მანქანის დაწვა, საბურავებისა და საქარე მინის დაზიანება, თივის ათასობით შეკვრის გადაწვა - ეს მხოლოდ ნაწილია იმ დანაშაულებრივი მეთოდებისა, რასაც დაჯგუფების წევრები სამიზნე ობიექტების წინააღმდეგ იყენებდნენ. ამ ეტაპზე საქმეში ოთხი დაზარალებულია, თუმცა მათი რაოდენობა შესაძლოა გამოძიების პროცესში გაიზარდოს.
მამაკაცი, რომელიც ფარულ ჩანაწერში ავტომობილის დაზიანების მითითებას გასცემს, თურქეთში მყოფი კრიმინალური "ავტორიტეტი", მეტსახელად "ქენან ბრილიანტია", დავალების მიმღები კი - მარნეულში მცხოვრები ზულფიგარ იუსუბოვი.
"კურიერის" ინფორმაციით, თურქეთიდან მართული კრიმინალური დაჯგუფება, ქვემო ქართლში, ადგილობრივი მეწარმეებისგან დიდი ოდენობით ფულის გამოძალვას ცდილობდა. წინააღმდეგობის შემთხვევაში, აზიანებდნენ მათ კუთვნილ ავტომობილებს, სახლებსა და სხვა ქონებას.
5-ტომიან საქმეში ოთხი დაზარალებულია. მტკიცებულებებით ირკვევა, რომ მათ ე.წ. შავ სალაროში 50 000-დან 100 ათასამდე დოლარის გადახდას აიძულებდნენ. ერთ-ერთი მეწარმის სახლს დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა, მეორე დაზარალებულს კი თივის 20 000 შეკვრა დაუწვა.
ზულფიგარ იუსუბოვის ოჯახი ირწმუნება, რომ დაკავებული უდანაშაულოა და კრიმინალურ ავტორიტეტებთან შეხება არ ჰქონია. დანაშაულს უარყოფენ კიდევ ერთი ბრალდებულის - როიალ ბაირამოვის ახლობლებიც.
პოლიციამ ქვემო ქართლში მცხოვრები ორი პირი, დაზარალებულის განცხადებიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავა. დანაშაულს ორივე უარყოფს, თუმცა ადვოკატი "კურიერთან" საუბრისას ადასტურებს, რომ საქმის მასალებში ჩვენებებთან ერთად ფოტო, აუდიო და ვიდეომტკიცებულებებიც დევს.
სასამართლომ ორივე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. გამოძალვისა და სხვისი ქონების დაზიანება-განადგურების ბრალდებით, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024