28/08/2024
23:58
სამართალი
ფიქრია ტუგულაშვილი ქმრის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეზე მეზობლებთან ხშირად საუბრობდა. "ახლა რომ მივატოვო, არ მომასვენებსო, არადა, ეშინოდა... რამე რომ შევატყო, მაშინვე გავშორდებიო," - ჰყვება "კურიერთან" ერთ-ერთი ადგილობრივი.
მეზობლები ამბობენ, რომ ქალი სიკვდილს ერთხელ უკვე გადაურჩა. დაახლოებით, ორი წლის წინ, ის ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე, კისრის არეში დანით დაჭრა. მაშინ, პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა. ციხიდან გათავისუფლებიდან ერთ თვეში, მან ცოლს, ამჯერად, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. კაცმა იმავე იარაღით მოკლა ორი მეგობარიც. დამნაშავის სახლში ცხედრები პირველად მეზობლებმა ნახეს.
სამმაგ მკვლელობაში ბრალდებული ზვიად ზურაბაშვილი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. ახლა მას სამართალდამცველები ეძებენ. უკვე დაკითხეს მეზობლებიც.
წინასწარი ინფორმაციით, ზვიად ზურაბაშვილმა საკუთარ სახლში მოკლა ცოლი და ერთი მეგობარი, რომელიც მასთან აბაზანის რემონტზე მუშაობდა. ამის შემდეგ, რამდენიმე კილომეტრის მოშორებით კიდევ ერთ მეგობარს, როინ კბილაშვილს სამუშაო ადგილზე მიაკითხა და მასაც სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. სამივე მოკლულს ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებები თავის არეში აღენიშნება.
ბრალდებულის ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ ზვიად ზურაბაშვილმა ცოლზე ძალადობის ბრალდებით სასჯელი ერთხელ უკვე მოიხადა. ამბობენ იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ, ცოლ-ქმარი დასასვენებლადაც იყო წასული და კონფლიქტი აღარ ჰქონიათ. ახლობლებს მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ.
დამამძიმებელ გარემოებებში რამდენიმე პირის განზრახ მკვლელობა - ამ კვალიფიკაციით იძიებს დანაშაულს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ბრალდებულს უვადო პატიმრობა ემუქრება.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024