26/07/2024
20:24
სპორტი
დღეს საზეიმოდ გაიხსნება ზაფხულის რიგით 33-ე ოლიმპიური თამაშები, რომელსაც საფრანგეთის დედაქალაქი მასპინძლობს. ანტიკური პერიოდის სპორტული შეჯიბრებების თანამედროვეობაში გაცოცხლება კი სწორედ ერთი ფრანგის სახელს უკავშირდება.
ბარონი პიერ დე კუბერტენი იყო ისტორიკოსი, ლიტერატორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე და თანამედროვე ოლიმპიური თამაშების დამაარსებელი.
კუბერტენი პარიზში, 1863 წლის პირველ იანვარს, არისტოკრატების შეძლებულ ოჯახში დაიბადა. მიიღო კარგი განათლება და ახლგაზრდობიდანვე სპორტით (ფარიკაობა, კრივი, რაგბი, ნიჩბოსნობა) იყო დაკავებული. სპორტისადმი სიყვარული ბარონს მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვა და მიაჩნდა, რომ ჯანსაღი საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია, სპორტით რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაკავდეს. კუბერტენმა ცხოვრების უდიდესი ნაწილი სწორედ სპორტის პოპულარიზაციის საქმეს შეალია.
პიერ დე კუბერტენის ცხოვრებაში გარდამტეხი ადგილი უჭირავს ოლიმპიური თამაშების აღდგენის იდეას, რომელიც ბარონმა დიდი ძალისხმევის შედეგად სისრულეში მოიყვანა. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, საბერძნეთში, კერძოდ კი ქალაქ ოლიმპიაში მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენების ეპოქა იდგა. მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ევროპაში, ეს საზოგადოების დიდი ინტერესს იწვევდა. ბარონი მიხვდა, რომ სპორტის პოპულარიზაციისთვის ანტიკური ოლიმპიადის თემა უნდა გამოეყენებინა. მან 1892 წლის 25 ნოემბერს „ოლიმპიადის აღორძინების“ პროექტი წარადგინა, რომელსაც არაერთი მხარდამჭერი გამოუჩნდა. კუბერტენმა თანამედროვე ოლიმპიური თამაშებისთვის შეიმუშავა წესები, რომელთა ძირითადი ნაწილი დღესაც მოქმედებს.
1894 წლის 23 ივნისს სორბონაში კონგრესი ჩატარდა, სადაც გადაწყდა, რომ განახლებული ოლიმპიადა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში უნდა გამართულიყო. დაარსდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, რომლის პრეზიდენტად 1896 წელს ბარონი პიერ დე კუბერტენი აირჩიეს.
პიერ კუბერტენის მრავალმხრივი და საინტერესო ბიოგრაფიის კულიმინაცია იყო პირველი თანამედროვე ოლიმპიური თამაშები, რომელიც 1896 წლის 6-15 აპრილს ათენში გაიმართა. ათენში თავი მოიყარა 14 ქვეყნის 245 სპორტსმენმა, მედლების ყველზე მეტი რაოდენობა კი შეერთებულმა შტატებმა მოიპოვა (11 ოქრო, 7 ვერცხლი, ერთი ბრინჯაო).
ოლიმპიური მედლები სპორტის სულ რამდენიმე სახეობაში გათამაშდა:
მძლეოსნობა – რბენა 100, 400, 800 და 1500 მეტრზე, მარათონული რბენა, სიმაღლეზე და სიგრძეზე ხტომა, სამხტომი, ჭოკით ხტომა, ბადროს ტყორცნა და სიმძიმის სროლა;
ველოსპორტი – ერთი წრე, სპრინტი 2000 მეტრზე, რბოლა 10000 მეტრზე და 100 კილომეტრზე, 12-საათიანი რბოლა და ინდივიდუალური რბოლა გზატკეცილზე;
სროლა – სამხედრო თოფით 200, ნებისმიერი თოფით 300, სამხედრო პისტოლეტით 25, პისტოლეტით 25, ნებისმიერი პისტოლეტით 30 მეტრზე;
ტანვარჯიში – ორძელი, ღერძი, ბჯენითი ხტომი, ტაიჭი, რგოლები, ბაგირზე (14 მ) ცოცვა (ღერძზე ვარჯიშში მხოლოდ გერმანიის გუნდი გამოვიდა);
ფარიკაობა – რაპირა, ხმალი და რაპირა ფარიკაობის მასწავლებელთათვის;
ჩოგბურთი – ერთეულთა და წყვილთა შორის;
ცურვა – ნებისმიერი სტილით 100, 500 და 1200 მეტრზე და 100 მეტრზე პირეოსის ნავსადგურში მდგარი გემების მეზღვაურთათვის;
ძალოსნობა – სიმძიმეების აწევა ორი და ცალი ხელით, წონითი კატეგორიების შეუზღუდავად;
ჭიდაობა – ანტიკური სტილით, წონითი კატეგორიების შეუზღუდავად.
ბარონი პიერ დე კუბერტენი 1937 წლის 2 სექტემბერს, ჟენევაში, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი პიერ დე კუბერტენის სახელობის მედალს ოლიმპიური თამაშების დროს გამოჩენილი კეთილშობილური საქციელისა და Fair Play-ის იდეის ერთგულებისთვის გადასცემს და ეს ჯილდო ისეთივე პრესტიჟულია, როგორც ოლიმპიური ოქრო.
0
0