22/05/2024
22:05
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ, ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა.
ბრალდებულის საცხოვრებელ მისამართზე "კურიერს" უდასტურებენ, რომ ახალგაზრდა ქალი ტრანსნაციონალური გამოძიების ფარგლებში დააკავეს. 25 წლის ქრისტინა ცირეკიძე ოჯახის ერთადერთი წევრი არ არის, რომელსაც ბიბლიოთეკების მასობრივი ძარცვისთვის ხელბორკილები დაადეს. უნიკალური წიგნების ქურდობის ბრალდებით საქართველოში ერთი თვის წინ დააპატიმრეს ქრისტინა ცირეკიძის ძმა და რძალი, ხოლო მამა, მათე ცირეკიძე, ამავე საქმეზე სასჯელს ესტონეთის ციხეში იხდის.
საერთაშორისო გამოძიება, ცირეკიძეებს სხვა თანამზრახველებთან ერთად, მე-19 საუკუნით დათარიღებული უნიკალური წიგნების მოპარვას ედავება.
"რუსთავი 2"-ის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული კადრები დანაშაულის მთავარი მტკიცებულებაა. ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ შედის დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი ვარშავის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, რის შემდეგაც დაწესებულებიდან ცნობილი კლასიკოსების უნიკალური ნამუშევრები გაქრა. მთავარი სამიზნე ალექსანდრე პუშკინის რარიტეტული გამოცემებია, რის გამოც საპოლიციო ღონისძიებას "სპეცოპერაცია პუშკინიც" კი უწოდეს.
დაკავებული ქრისტინა ცირეკიძე ამჟამად დუმილის უფლებას იყენებს და დანაშაულს არ აღიარებს. "კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ მის წინააღმდეგ ჩვენება რძალმა მისცა, რომელიც ასევე წინასწარ პატიმრობაშია. გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ ევროპის ქვეყნებში დანაშაულებრივი დაჯგუფების გადაადგილებასა და სასტუმროებში განთავსებას, სწორედ ქრისტინა ცირეკიძე უზრუნველყოფდა.
ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ცირეკიძეების ოჯახის წინააღმდეგ საქმეში არაერთი უტყუარი მტკიცებულებაა. პროკურატურის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები ყალბ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, გამოგონილ სახელებს, გვარებს და ორიგინალის ჩასანაცვლებლად წინასწარ გამზადებულ, წიგნების ყალბ ნიმუშებს იყენებდნენ.
უნიკალური წიგნების ქურდობის ბრალდებით 25 წლის ქრისტინა ცირეკიძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე ევროჯასთის მხარდაჭერით საერთაშორისო გამოძიება გრძელდება.
0
0