20/07/2024
14:52
სპორტი
საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს ქუვეითის ნაკრებში იწვევდნენ, მაგრამ შეთანხმება არ შედგა, – ეს ინფორმაცია Arab Times Online-ში გამოქვეყნებული წერილიდან გახდა ცნობილი.
გამოცემის ცნობით, დიდია ალბათობა, ქუვეითის ეროვნულ გუნდს პორტუგალიელმა მწვრთნელმა, ჟოზე პესეირომ უხელმძღვანელოს, რომელიც თანამემამულე რუი პინტოს შეცვლის.
სანიოლის გარდა, ქუვეითის ფეხბურთის ფედერაცია მთავარი მწვრთნელის პოსტზე არგენტინელ ექტორ რაულ კუპერსაც განიხილავდა, რომელიც ასევე წვრთნიდა საქართველოს ნაკრებს. კანდიდატებს შორის იყვნენ: კარლოს კეირუში, ხუან პიცი, ჯემალ ბელმადი, ნიკო კოვაჩი, ფელიქს სანჩესი და ხოსე პეკერმანი.
ვილი სანიოლს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი დეკემბრამდე აკავშირებს. სფფ-ს პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის თქმით, თანამშრომლობის გახანგრძლივებაზე ფიქრობენ, რადგან ეს ორივე მხარის სურვილია.
საფრანგეთის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი მცველის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშა და მერვედფინალში გავიდა.
ქუვეითის გარდა, სანიოლთან თანამშრომლობა ირლანდიის ფეხბურთის ფედერაციასაც სურდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე „ჯვაროსნების“ მოხვედრის შემდეგ ეს საუბარი შეწყდა.
0
0