21/04/2023
14:23
მედიცინა
ვიძლევით უპირობო გარანტიას, თუ სექტემბრის მონაცემებით, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა პასუხისმგებლობას აიღებს და აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მშობლებთან შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ზურაბ აზარაშვილმა, შეხვედრაზე, მშობლების საჭიროებები მოისმინა და მათ პრეპარატ „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოპოვებული ინფორმაცია გააცნო.
„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მედიკამენტთან დაკავშირებით, მწირი მონაცემების არსებობის გამო, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები აღნიშნულ საკითხს ფრთხილად ეკიდებიან, რათა პაციენტის უსაფრთხოება მაქსიმალურად გარანტირებული იყოს. შესაბამისად, ამ ეტაპზე, აღნიშნული წამლით მკურნალობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ფინანსდება. მედიკამენტის აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტოსა (FDA) და ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ ავტორიზაცია ქვეყნებში შეტანის და გაყიდვის უფლებას ეხება და ავტომატურად ბიუჯეტიდან მედიკამენტის დაფინანსებას არ გულისხმობს.
აღნიშნა, რომ მედიკამენტების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ ხდება და საკითხს დარგის სპეციალისტები, ექიმები და ექსპერტები, ერთობლივი შეჯერების საფუძველზე განიხილავენ.
ზურაბ აზარაშვილმა, პაციენტების მშობლებთან შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ დააფიქსირა უწყების მზადყოფნა, რომ ბავშვებს, რომლებსაც სხვა თანმდევი დაავადებები აქვთ, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, სახელმწიფო დაუფინანსებს.
აქონდროპლაზია იშვიათი დაავადებაა, რომელიც ადამიანის სიმაღლეში ზრდის შეფერხებით ხასიათდება. ამ დაავადებით ადამიანებს აქვთ ჩვეულებრივი სიცოცხლის ხანგრძლივობა, ჩვეულებრივი ინტელექტი, მიუხედავად ზრდაში შეფერხებისა,“ - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024