12/11/2024
19:43
საზოგადოება
10 ნოემბერს, ისრაელში 2025 წელს ჩასატარებელი "ევროვიზიისთვის" კონკურსანტის შესარჩევი კონკურსი ახალი სეზონი დაიწყო, მომღერლები მთელი ქვეყნიდან და მსოფლიოდანაც კი, ჟიურის წინაშე წარდგნენ. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ნოამ, რომელმაც მაყურებლისა და ჟიურის ხმების 96% მიიღო.
"ის სიმღერისას არის თავხედი და ამავე დროს ნაზი", - წერს მის შესახებ ადგილობრივი მედია. როგორც ცნობილი გახდა, ნოას ქართული ფესვები აქვს. ის საქართველოში დაიბადა, თუმცა ბიოლოგიურმა დედამ ჩვილობაშივე გააშვილა.
რა არის ცნობილი ახალგაზრდა მომღერალზე?
მისი სრული სახელია ნოა კელერ სინანჯი. 22 წლის გოგონაზე, რომელიც თელ-ავივიდან არის, წერენ, რომ მწერალი და კომპოზიტორია და მუშაობს რეპ და ჰიპ ჰოპ სტილში.
გოგონა საქართველოში დაიბადა. ის ფრანგული წარმოშობის ებრაელმა დედამ იშვილა და მათ შორის ძლიერი კავშირია. ამის შესახებ ნოა საკონკურსო ვიდეოში თავად ჰყვება. "მშობელია ის, ვინც გამზარდა და აღმზარდა... ის (აღმზრდელ დედას გულისხმობს - ავტ.) ჩემს გულშია, ყველაზე ახლობელი ადამიანია ამ სამყაროში. უკიდეგანოდ მადლიერი ვარ, ვაფასებ უზომოდ, რადგან ასეთი დედა რომ შემხვდა, ღვთის სასწაულია", - ამბობს ნოა ვიდეოში.
ახალგაზრდა მუსიკოსმა კონკურსისთვის არჩია რიანას ცნობილი სიმღერა "Love On the Brain". მას კულისებიდან სწორედ დედა გულშემატკივრობდა.
"მიხარია, რომ მოხვედი ჩვენთან, რადგან უკვე გაქვს გამოცდილება და მოხვედი ზუსტად იმ ადგილას, რომელსაც ეკუთვნი", - უთხრა მას ჟიურის წევრმა შირიმ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კონკურსის გამარჯვებული ისრაელს "ევროვიზია 2025-ზე" წარადგენს, რომელიც შვეიცარიაში, ბაზელში გაიმართება.
0
0