20/10/2024
23:16
მსოფლიო
One Direction-ის ყოფილი წევრისა და სოლო მუსიკოსის, ლიამ პეინის გარდაცვალების შემდეგ მისი 2020 წელს დაწერილი წერილი გავრცელდა. მუსიკოსი წერილს 10 წლის საკუთარ თავს წერდა.
წერილი BBC Radio 2-ის წამყვანმა სკოტ მილსმა გაავრცელა, რომელიც 2020 წელს, COVID-19-ის დროს, BBC Radio – ზე პანდემიის სერიის ფარგლებში დაიწერა. სკოტ მილსმა აღნიშნა, რომ COVID-19-ის კარანტინის დროს პეინი მისი შოუს სტუმარი იყო და მონაწილეობა მიიღო პროექტში, სადაც არტისტები წერილს საკუთარი თავს წერდნენ. წამყვანის თქმით, ეს წერილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ლიამის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ გახდა.
„ძვირფასო 10 წლის ლიამ, მოემზადე! ყველაფერი ცოტა არეული იქნება, დააფასე ყველა მომენტი შენს საყვარელ ადამიანებთან, რადგან ეს უკანასკნელი ოჯახური დღესასწაულებია, რომლითაც ისიამოვნებ, ცხოვრება სიურეალისტური ხდება. იცოდე, ის, რაც გიყვარს – სიმღერაა, გააგრძელე და როცა 14 წლის გახდები, რაღაც ჯადოსნური მოხდება.” კითხულობს ვიდეოში ლიამ პეინი.
მომღერალი საკუთარ თავს წერს, რომ არა მხოლოდ „მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მუსიკალურ შოუში,“ The X Factor-ში მიიღებს მონაწილეობას, არამედ შეხვდება თავისი შვილის, ბეარის დედას, Girls Aloud-ის წევრ ჩერილ კოულს.
„ვიცი, რომ ცოტა ადრე გეჩვენება, მაგრამ დამიჯერე, ყველაფერი ისე მოხდება, როგორც საჭიროა. გირჩევ, ფილმი „უკან მომავალში“ ნახო, შეიძლება ეს დაგეხმაროს. შენ ახლა ცნობილი ხარ და გგონია, რომ უკვე ძალიან ადრე მიაღწიე მწვერვალს, შენ თავმომწონე პატარა ბიჭი ხარ, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ცოტა დამშვიდდი და დაიმახსოვრე, ეს მარათონია და არა სირბილი,“ ამბობს ლიამ პეინი წერილში და 2008 წელს შოუ X Factor-ში გამოსვლას გულისხმობს.
კარიერაში გექნება მუსიკალური პაუზა, თუმცა არ უნდა გაჩერდე, რადგან მალე შეხვდები ოთხ სხვა ბიჭს, რომლებიც შენსავით მოიქცევიან. ერთსა და იმავე გზაზე დადგებით,“ თქვა პეინმა 2010 წელს X Factor-ში მეორედ გამოსვლის შესახებ, როდესაც კოუელმა ის ჰარი სტაილსთან, ნაილ ჰორანთან, ზეინ მალიკთან და ლუი ტომლინსონთან დააკავშირა.
„პირველად რომ შეხვდები მათ, სრული ქაოსი იქნება, მაგრამ უბრალოდ დაიმახსოვრე, რომ უნდა ისიამოვნო, დარჩი ახალგაზრდული გულით, რადგან ეს ის ეტაპია შენი ცხოვრებისა, რითაც უნდა ისარგებლო. აპატიე მეტი და ისწავლე მოსმენა,“ ურჩევს პეინი საკუთარ თავს.
„გექნება ყველაზე საოცარი პერიოდი შენს ცხოვრებაში, იმოგზაურებ მსოფლიოს გარშემო და გექნება ისეთი ცხოვრება, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენდი. შემდეგ ეს ყველაფერი დროებით დასრულდება და დარჩები მხოლოდ საკუთარ თავთან.“
მუსიკოსმა 10 წლის ლიემს უთხრა, რომ 2016 წელს 1D-ის პაუზის შემდეგ რაღაც პერიოდი „შიშისმომგვრელი“ იქნებოდა, „თითქოს მარტო ხარ, მაგრამ ასე არ არის. ახლა სრულიად ახალ მოგზაურობას იწყებ, იმ ყველაზე საოცარ ადამიანთან ერთად, რომელსაც ოდესმე შეხვედრიხარ — შენს შვილთან, ბეართან.“
ბეარი, პეინის ერთადერთი შვილი, 2017 წელს დაიბადა, ერთი წლით ადრე, ვიდრე ის და კოული დაშორდებოდნენ. „ნუ დაეჭვდები შენი, როგორც მამის შესაძლებლობებში, უბრალოდ გაიხსენე ყველაფერი, რაც ამ გზაზე ისწავლე. ეს უდავოდ ნიშნავს, რომ ბევრი გაქვს გასაცემი,“ ამბობს ლიემი.
„იყავი მადლიერი და სცადე, გაიხსენო, რომ ყოველდღე აკეთებ რაღაცას, რაც გიყვარს და რის აშენებასაც ათი წელი მოანდომე. პირველი სინგლი სწრაფად მოიპოვებს წარმატებას, რასაც ვერც კი წარმოიდგენდი, შეწყვიტე თვითდესტრუქცია და ყველაფერი კარგად იქნება.“
წერილი მთავრდება იმით, რომ ლიამ პეინი დედას, მამას და მთელ თავის ოჯახს თბილ მოკითხვას უგზავნის.
ლიამ პეინის გარდაცვალების გამო მწუხარეbა ბევრმა ცნობილმა სახემ გამოხატა: მათ შორის გავრცელდა 1D-ის სხვა ყოფილი წევრების პირადი წერილებიც.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადების მიხედვით, სავარაუდოდ ლიამ პეინი გარდაცვალების დროს ფხიზელ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. პოლიციამ მის ოთახში ნარკოტიკული ნივთიერებებისა და ალკოჰოლური სასმელების კვალი აღმოაჩინა.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024