18/08/2024
21:41
სპორტი
გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანეთში საფეხბურთო სეზონი გოლით გახსნა. ქართველმა ნახევარმცველმა ლა ლიგა 2-ის პირველ ტურში „ხიხონს“ გაუტანა და „ლევანტეს“ გამარჯვებაში დაეხმარა – 2:1.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და სტუმართა შორის ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ. ქოჩორაშვილმა საკმაოდ მაღალი შეფასება, 8,0 ქულა მიიღო, რაც ორივე გუნდში მეორე საუკეთესო მაჩვენებელი იყო. უმაღლესი შეფასება, 8.3 კარლოს ალვარესმა დაიმსახურა.
„ლევანტემ“ პირველი გოლი მე-15 წუთზე გაიტანა, თავი ალვარესმა გამოიჩინა, ხოლო ქოჩორაშვილმა ტაიმის მიწურულს აიღო მეტოქის კარი. ქოჩორაშვილმა მანამდე გულშემატკივარი ეფექტური მოქმედებითაც აღაფრთოვანა.
„ხიხონმა“ მეორე ტაიმის დასაწყისში ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ ამაზე მეტი ვეღარ შეძლო და ქართველი ფეხბურთელის გუნდმა სეზონში პირველი სამი ქულა მოიპოვა.
0
0