29/09/2024
19:36
სპორტი
გიორგი ქოჩორაშვილმა შესანიშნავი თამაში ჩაატარა „ლევანტეში“ – გოლითა და საგოლე გადაცემით გუნდს „ალმერიას“ დამარცხებაში დაეხმარა – 4:2.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ლა ლიგა 2-ის მე-7 ტურში ძირითად შემადგენლობაში იყო, 86 წუთი ითამაშა და გუნდში საუკეთესო შეფასება, 7.9 ქულა მიიღო.
ქოჩორაშვილმა თავის გამოჩენა მნიშვნელოვან მომენტში მოახერხა. პირველი ტაიმი 2:2 დასრულდა. გიორგიმ 51-ე წუთზე მასპინძლები ძალიან ეფექტური გოლით დააწინაურა – თანაგუნდელთან ბურთი კარგად გაითამაშა და მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა.
75-ე წუთზე კი ქოჩორაშვილმა უზუსტესი გადაცემით მეკარესთან პირისპირ კარლოს ალვარესი დატოვა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:2.
შვიდი ტურის შემდეგ „ლევანტე“ 14 ქულით პირველ ადგილზე დაწინაურდა, ხოლო გიორგი ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.
0
0