06/09/2024
15:51
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავებთან თანამშრომლობით, საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც ასევე ჩართული არიან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია და ბრალი წარედგინა ქოლცენტრების საქმიანობაში ჩართულ ოთხ პირს, ასევე დაუსწრებლად წარედგინა ბრალი ორ ფიზიკურ პირს და ერთ იურიდიულ პირს.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანიის – შპს ,,მორგან ლიმიტედის“ ბაზაზე, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ, ჩამოყალიბდა და 2019-2021 წლებში ფუნქციონირებდა შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანს მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება და შემდგომში ფულის გათეთრება წარმოადგენდა.
შპს ,,მორგან ლიმიტედის“ სახელით იჯარით აღებულ ფართში მოწყობილი ქოლცენტრის თანამშრომლები, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, უკავშირდებოდნენ ევროპული ქვეყნების მოქალაქეებს და მოტყუებით იყოლიებდნენ, წინასწარ შექმნილ ყალბ სავაჭრო პლატფორმებზე განეხორციელებინათ თითქოსდა მომგებიანი ინვესტიცია.
აღნიშნული გზით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, სლოვენიისა და სლოვაკეთის რესპუბლიკების მოქალაქეების კუთვნილ დაახლოებით 3 170 000 ევროს.
ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე. ამ მიმართულებით აქტიურად გრძელდება გამოძიება, მათ შორის უცხოელი კოლეგების ჩართულობით და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, საზოგადოებას ეცნობება დამატებით.
ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
0
0