26/08/2024
00:52
სპორტი
„ნაპოლიმ“, სადაც ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს, იტალიის ჩემპიონატში „ბოლონიას“ უმასპინძლა და სეზონში პირველი ქულები ქართველის შესანიშნავით თამაშით მოიპოვა – 3:0.
მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა წინა ტურში დაშავდა, „სტადიო მარადონაზე“ გამართული სერია A -ს მეორე ტურის შეხვედრაში ნეაპოლელების ძირითად შემადგენლობაში იყო.
პირველ ტურში „ვერონასთან“ მტკივნეული მარცხის შემდეგ, ანტონიო კონტეს გუნდს გულშემატკივრების გახარება სურდა და ეს პირველი ტაიმის ბოლოს მოახერხა – ქართველის შესანიშნავი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გუნდის კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა თავადაც მოახერხა გოლის გატანა – 75-ე წუთზე ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, კარისკენ დაიძრა და დაარტყა – მეტოქის მცველის ფეხიდან ასხლეტილი ბურთი კარში შევარდა – ხვიჩამ კი გოლი ახალდაბადებულ შვილს, დამიანეს მიუღძვნა.
90+4-ე წუთზე კი ჯოვანი სიმეონემ მესამე გოლიც გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ორი ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ პირველი სამი ქულა მოიპოვა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონში პირველი გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
„კვარას“ თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: whoscored 9.8, sofascore 9.2, flashscore 8.9.
0
0