27/11/2023
15:31
ბადაგონი
აშშ-ის ყველაზე რეიტინგული და პოპულარული ტელემაუწყებელის CBS-ის გადაცემა „60 წუთის“ ეთერში, ალავერდის ეპარქიის და „ბადაგონის“ ქართული სამონასტრო ქვევრის ღვინის შესახებ, ვრცელი სიუჟეტი გავიდა.
გადაცემა „60 წუთის“ გადამღები ჯგუფი, რომელსაც მეღვინეობა „ბადაგონმა“ უმასპინძლა, ალავერდის მონასტერს და „ბადაგონის“ ქარხანას სტუმრობდა, სადაც უნიკალური სამონასტრო ქვევრის ღვინო მზადდება.
CBS - ის ჟურნალისტი და სიუჟეტის ავტორი შარინ ალფონსი ვრცლად ჰყვება „პატარა საქართველოზე, რომელიც ღვინის სამშობლოა და 8 ათას წლიანი ისტორია აქვს“.
მან ინტერვიუ ჩაწერა მეუფე აბბა ალავერდელ მიტროპოლიტთან:
შარინ ალფონსი: თუ მომდევნო სადღესასწაულო სუფრასთან სახალისო დებატების გამართვა გსურთ, ჰკითხეთ თქვენს სტუმრებს, რომელმა ქვეყანამ გამოიგონა ღვინო. მათ შესაძლოა საფრანგეთი, იტალია ან საბერძნეთი გაახსენდეთ.
თუმცა მეცნიერების უმრავლესობას მიაჩნია, რომ პატარა საქართველო -ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, ღვინის სამშობლოა. მეცნიერები ამბობენ, რომ საქართველოში თიხის ჭურჭელზე აღმოჩენილი ღვინის დაყენების დროს გამოყოფილი ნარჩენები 8000 წლის წინანდელია.
რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა, რომლის მოსახლეობა თითქმის ოთხი მილიონია, ათასობით წლის მანძილზე, მტრის შემოსევებსა და ომებს გადაურჩა. მრავალი დინასტია გაჩნდა და გაქრა. თუმცა, რატომღაც, ქართული ყურძნის ბევრი ჯიში გადარჩა.
დღეს საღამოს, საქართველოში გამოგზაურებთ და აქაური უძველესი ვაზის ჯიშის მფარველებსა და მასზე მზრუნველებს გაგაცნობთ.
როცა პირველად ესტუმრებით საქართველოს დედაქალაქ თბილისს... ის აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ.
ქალაქში, გორაზე აღმართულ ,,ქართლის დედის“ ქანდაკებას მარჯვენა ხელში ხმალი უჭირავს მტრების მოსაგერიებლად, ხოლო მარცხენაში - ღვინის თასი მოყვრებისთვის.
ეს მეგობრული და მეღვინეობის ღრმა ისტორიის მქონე ქვეყანა საკუთარ წარსულში გამოგზაურებთ. ქალაქში მცხოვრებთა ვაზი პატარა აივნებზეა შემოხვეული.
სოფლებში გაშენებულია მცირე საოჯახო ვენახები, უფრო მსხვილი მწარმოებლები კი, მსოფლიო ბაზარზე მილიონობით ბოთლი ღვინის ექსპორტს ახორციელებენ.
…
შარინ ალფონსი: ოთხი ბერი 20,000 ბოთლ ღვინოს ამზადებს! ეს დიდი საქმეა. როდისღა გძინავთ?
მიტროპოლიტი აბბა ალავერდელი: თან გვძინავს და თან ვმუშაობთ.
შარინ ალფონსი: მიწის დამუშავებაში ბერებს ადგილობრივი მოსახლეობა ეხმარება. თუმცა საუკუნეების მანძილზე, ვაზის ამ უძველეს ჯიშზე ბერები ზრუნავდნენ.
,,-მონასტერი მე-6 საუკუნით თარიღდება. აშენებიდან პირველივე დღეს, მონასტრის ტერიტორიაზევაზი დაირგო,“ - გვითხრა მიტროპოლიტმა აბბა ალავერდელმა.“
შარინ ალფონსი: ღვინის დამზადება ღმერთთან უფრო გაახლოებთ?
მიტროპოლიტი აბბა ალავერდელი: რა თქმა უნდა. როცა ვენახში ან მარანში ვართ, ყოველთვის ვგრძნობთ, რომ ღმერთი ჩვენთან ახლოსაა.
შარინ ალფონსი: ,,საქართველოში ყურძნის მოყვანა, დიდი ხანია, წმინდა მნიშვნელობის ტრადიციაა. უძველეს დროში, ღვინო ღვთაებრივ სასმელად ითვლებოდა. ღვინოს ღმერთებს სთავაზობდნენ მათგან კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. ქართველი ჯარისკაცები, სამხედრო უნიფორმის ქვეშ, მკერდზე ვაზის ღეროს იმაგრებდნენ, რომელიც, მათი რწმენით, მტრისგან დაიცავდა, მაგრამ, თუ ბრძოლაში დაიღუპებოდნენ, მათი გულიდან ვაზი ამოიზრდებოდა.
ადამიანი მოკვდავი იყო, ქართული ვაზი კი – მარადიული.
ასე ამზადებდნენ საუკუნეების მანძილზე ქართველი ბერები ღვინოს - ყურძნის წითელი, თეთრი და... ასევე ,,ქარვისფერი“ ჯიშისგან... ამის შესახებ ცოტა ხანში გიამბობთ.
ღვინის დაყენების მთლიანი პროცესი ცალსახად ქართულია. მონასტრის ქვეშ, მიწაში [1.8288 მ სიღრმეზე] ჩაფლული გიგანტური ზომის თიხის ჭურჭელი, რომელსაც ქვევრს უწოდებენ, ღვინის [ყურძნის წვენის] ფერმენტაციისთვის (დუღილი), შესანახად და დასაძველებლად გამოიყენება.
ეს საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდია. ქვევრს ბევრი ქართველის მარანში ნახავთ, რომელიც სახლთანვე აქვთ მოწყობილი. თუმცა, დღესდღეობით, ქვევრის მხოლოდ რამდენიმე მწარმოებელია, რომლებიც ამ თიხის ჭურჭლის ხელით დამზადების ტრადიციას აგრძელებენ. ზოგიერთი ქვევრი 3,407 ლიტრამდე ღვინოს იტევს.
დაწნეხილი ყურძენი, მისი კანი, ყუნწი და წვენი ქვევრში გროვდება, რომელიც მიწაში მუდმივი ტემპერატურის შესანარჩუნებლად არის ჩაფლული.
რთველის დროს, ბერები მონასტრის მარანში ყურძენს აკურთხებენ და ვენახიდან მიღებული ბარაქიანი მოსავალის სადღეგრძელოს ამბობენ ხოლმე.
ბერების მიერ დამზადებული ღვინის უმეტესი ნაწილი იყიდება, ნაწილს კი - ალავერდის ტაძარში, კვირაობით, ისინი წმინდა ზიარების საიდუმლოს შესრულების დროს იყენებენ.
[ამ] დღეს, ტაძრიდან ემოციურად შთამბეჭდავი გალობის ხმა გაისმა, რომელიც მსმენელს არასოდეს დაავიწყდება.
საგალობელი, სახელწოდებით „შენ ხარ ვენახი“, 900 წლის წინ, ბერად აღკვეცილმა ყოფილმა ქართველმა მეფემ დაწერა - რელიგიასთან და ღვინოსთან საქართველოს ღრმა კავშირისადმი პატივისცემის ნიშნად.
საკათედრო ტაძრის სანთლებით განათებულ კედლებზე ნაკაწრების დანახვა ძნელია. ის მიწისძვრებსა და მტრის შემოსევებს გადაურჩა.
ქართული კულტურის გაქრობის მიზნით, მე-20 საუკუნეში, რუსებმა საკათედრო ტაძრის ინტერიერი შეათეთრეს, მე-11 საუკუნის ფრესკები გადაღებეს, მონასტრის ქვევრს კი ბენზინის შესანახად იყენებდნენ.
თუმცა ვაზის დიდი ნაწილი, სასწაულებრივად, უვნებლად გადარჩა.
ეპისკოპოსი დავითი ამბობს, რომ დღეს მონასტრის ტერიტორიაზე ყურძნის 100 ჯიშია მოყვანილი, რომელთაგან ზოგიერთი 900 წლის წინანდელია.“
შარინ ალფონსი: როგორი გემო აქვს ღვინოს?
მიტროპოლიტი აბბა ალავერდელი: გემოვნებაზე რომ არ ვისაუბროთ, სჯობს თავად გავსინჯოთ.
ძველ ქვევრთან მჯდომმა ეპისკოპოსმა ღვინის ბოთლი გახსნა.
მიტროპოლიტი აბბა ალავერდელი: ქვევრის ღვინის პირველად დაგემოვნებისას, ადამიანს შეიძლება შეექმნას შთაბეჭდილება, რომ ძალიან განსხვავებულ სახეობას სინჯავს.
შარინ ალფონსი: ოჰ, როგორი ოქროსფერ-ქარვისფერია. შეხედეთ ამ ფერს!
მიტროპოლიტი აბბა ალავერდელი: საქართველოში ასე ამბობენ - ,,თვალი სვამს და თვალი ჭამს“, ამიტომ ღმერთის მადლობელი უნდა ვიყოთ.
შარინ ალფონსი: ამ ჭიქა ღვინისთვის მართლაც მადლობელი უნდა იყო ღმერთის!
მიტროპოლიტი აბბა ალავერდელი: რა თქმა უნდა, სხვაგვარად არ შეიძლება.
შარინ ალფონსი: ეს ზეციური სასმელია, ციტრუსის, სანელებლებისა და თაფლის გემოს ნაზავით. ღვინის შედგენილობა რთულია, როგორც თვითონ საქართველოს ისტორიაა, თუმცა ჭიქაში დატეულია.
***
CBS-ის გადამღები ჯგუფის სტუმრობის და მუშაობის ექსკლუზიურ კადრებს გადასაღები მოედნიდან საინფორმაციო სააგენტო spacesnews და რადიო “სივრცე” უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ…
0
0