26/01/2025
12:36
მსოფლიო
ვფიქრობ, ჩვენ გვსურს, რომ გვქონდეს უნიკალური კულტურები მსოფლიოში. არ გვინდა, რომ ყველგან ერთნაირი იყოს. სხვადასხვა ქვეყანაში ჩასვლისას განსხვავებული კულტურის გამოცდილება უნდა მიიღო, – ამის შესახებ ილონ მასკმა ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებაზე ვიდეოზარით ჩართვისას განაცხადა.
მასკის თქმით, მსოფლიოს თითოეული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, შეინარჩუნოს საკუთარი კულტურა და ღირებულებები.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გერმანელები ამაყობთ გერმანელობით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია. ნორმალურია, ამაყობდე გერმანელობით. კარგია, ამაყობდე გერმანული კულტურით, ღირებულებებით და არ დაკარგოთ ეს რაღაც მულტიკულტურიზმში, რაც ყველაფერშია გაჟღენთილი. ვფიქრობ, ჩვენ გვსურს, რომ გვქონდეს უნიკალური კულტურები მსოფლიოში. არ გვინდა, რომ ყველგან ერთნაირი იყოს. სხვადასხვა ქვეყანაში ჩასვლისას განსხვავებული კულტურის გამოცდილება უნდა მიიღო. უნიკალური, განსაკუთრებული და კარგია, რომ გერმანიის მთავრობა იღებს ზომებს საკუთარი მოქალაქეების დასაცავად, ზრუნავს გერმანელი ხალხის კეთილდღეობაზე. გერმანელი ხალხი უძველესი ერია, ათასწლოვანი ისტორიით, სადღაც წავიკითხე, რომ იულიუს კეისარი იხსენებდა მის პირველ გადაკვეთას გერმანულ ტომებთან გალიურ ლაშქრობებში, ეს შთამბეჭდავია. ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა წარსულ დანაშაულებს და საჭიროა ამის უკან მოტოვება. ბავშვები დამნაშავე არ არიან მათი წინაპრების დანაშაულებში“, – განაცხადა მასკმა.
ილონს მასკი აცხადებს, რომ დღეს ძალიან დიდია კონტროლი გლობალური ელიტისგან. მისივე თქმით, „ნაკლებად უნდა იყოს გლობალური მთავრობა და ცალკეული ქვეყნებიდან უნდა იყოს მეტი გადაწყვეტილებები“.
„ჩვენ ოპტიმისტები უნდა ვიყოთ და გერმანიის მომავლით ვხარობდეთ. ეს არის ჩემი გზავნილიც, შეინარჩუნეთ გერმანული კულტურა და დაიცავით გერმანელი ხალხი. არის კიდევ სხვა საკითხებიც, რაც მიმაჩნია, რომ ძალიან სასარგებლო იქნება. ვფიქრობ, თქვენ გსურთ მეტი დამოუკიდებლობა გერმანიისთვის, ევროპის ქვეყნებისთვის და ნაკლები ბიუროკრატია ბრიუსელიდან, რაც ჭარბადაა. ძალიან დიდია კონტროლი რაღაც სახის გლობალური ელიტისგან. როდესაც მე გამოვდივარ გლობალურ კონფერენციებზე, ვსაუბრობ, რომ ნაკლებად უნდა იყოს გლობალური მთავრობა. ცალკეული ქვეყნებიდან უნდა იყოს მეტი გადაწყვეტილებები. ვიმედოვნებ, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ამას შეძლებს და ალის ვიდელი კანლცერი გახდება. ეს ძალიან კარგი იქნება გერმანიისთვის. ვიმედოვნებ, გერმანელი ხალხი გაერთიანდება და მტკიცედ დაუჭერს მხარს „ალტერნატივას გერმანიისთვის“. იბრძოლეთ გერმანიის დიდებული მომავლისთვის. თუ გსურთ კარგი მომავალი, უნდა იბრძოლოთ, ასე ხდება ის დიდებული. არჩევნები მოდის გერმანიაში და ის ძალიან მნიშვნელოვანია. მან შესაძლოა, გადაწყვიტოს მთელი ევროპის და მსოფლიოს ბედიც, ამიტომ არის ეს არჩევნები მნიშვნელოვანი. დაარწმუნეთ თქვენი ახლობლები, მხარი დაუჭირონ „ალტერნატივას გერმანიისთვის“. კიდევ გსურთ გასული ათი წლის მსგავსი თუ რაღაც განსხვავებული გსურთ? ვფიქრობ, გერმანიაში ხალხს რაღაც განსხვავებული სურს და თუ განსხვავებული გსურთ, განსხვავებულ პარტიას უნდა მისცეთ ხმა“, – განაცხადა მასკმა.
0
0