19/11/2021
14:48
სამართალი
როგორც საძაგლიშვილი ამბობს, მას განუმარტეს, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია, სადაც მხოლოდ სამედიცინო პერსონალი დაიშვება.
„დღეს გამოვცხადდი, დილით მსურდა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა. განმიმარტეს, რომ მას ეძინა და როცა გაიღვიძებდა, შემატყობინებდნენ და დამიშვებდნენ მასთან. საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ მითხრეს, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, სადაც დაიშვება მხოლოდ სამედიცინო პერსონალი და ადვოკატებს ვერ შეგვიშვებდნენ მასთან შესახვედრად“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ამასთან, საძაგლიშვილის განცხადებით, ის დაუკავშირდა სამედიცინო დაწესებულების მთავარ ექიმს, რომელმაც უთხრა, რომ ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და რაიმე სერიოზული პრობლემა არ არსებობს.
მისივე თქმით, ექიმმა აცნობა, რომ სხვადასხვა პროფილის ექიმები შეიკრიბებიან, რა დროსაც გადაწყდება, როგორი იქნება მომდევნო ნაბიჯები.
„შემდეგ დავუკავშირდი და ვესაუბრე მთავარ ექიმს, რომელმაც მითხრა, რომ სააკაშვილმა ღამე რეანიმაციულ გნაყოფოლებაში გაატარა, ამჟამად სტაბილურია მდგომარეობა, გარკვეული კვლევები ჩატარდა. მათი განმარტების შესაბამისად, ამ ეტაპზე რაიმე სერიოზული პრობლემა არ არსებობს, ელოდებიან კვლევის შედეგებს. ასევე მითხრა, რომ მოხდება სხვადასხვა პროფილის ექიმების შეხვედრა და ამ შეხვედრაზე გადაწყდება, თუ რა იქნება მომდევნო ნაბიჯები.
ვერანაირი კონკრეტული ინფორმაცია ამ შეკრებაზე ან დროზე არ მოუწოდებიათ, მითხრეს, რომ არ იციან, როდის მოხდება ეს. ძალიან უპასუხისმგებლობაა პენიტენციურის მხრიდან ოფიციალური ინფორმაციის არგავრცელება. რეალურად, უნდა ჰქონდეს გავრცელებული, თუ რა მდგომარეობაა და რა გეგმა არსებობს. ასევე, ვერ მითხრეს, როდემდე გაგრძელდება მისი ყოფნა რეანიმაციულ განყოფილებაში. ქალბატონმა მანანამ მითხრა, რომ თავად ეკონტაქტა მიხეილ სააკაშვილს. ვერაფერს გამოვრიცხავ, გვახსოვს, ადრე პენიტენციურის მოქმედებები გადაყვანასთან დაკავშირებით“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვლმა.
0
0