11/12/2023
16:34
კონფლიქტები
ვერანაირი კანონის მიღება აფხაზებს ქართველებად ვერ გადააქცევს. ამის შესახებ ოკპუირებული აფხაზეთის ორგანიზაცია „არუაას“ ლიდერმა თემურ გულიამ განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
გულიამ ეს კანონის „სამოქალაქო მდგომარეობის შესახებ“ შესწორებების განხილვისას განაცხადა. შეხვედრის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ გვარების და ეროვნების შეცვლის შემთხვევაში გალის რაიონის ქართველებმა „აფხაზეთის მოქალაქეობის“ მიღებას შეძლებენ.
როგორც გუდაუთის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა რუსლან ლადარიამ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება „ახალ აფხაზებს“ აფხაზეთის არაღიარების პოლიტიკაში გამოიყენებს.
„ჩვენ მივიღებთ ადამიანებს, რომლების იქნებიან ეთნიკური აფხაზები, საქართველოს მოქალაქეები და იტყვიან, რომ აფხაზეთი - საქართველოა,“- განაცხადა ლადარიამ.
„აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმის ლიდერს ასლან ბარციცს მიაჩნია, რომ საქართველოსთვის, რომელთანაც აფხაზეთს სამშვიდობო შეთანხმება ხელმოწერილი არ აქვს, არანაირი აფხაზური პასპორტი არ არსებობს და ის მისთვის ფარატინა ქაღალდია, რომელსაც არანაირი ფასი არ გააჩნია. „აფხაზეთი მათთვის ოკუპირებული ტერიტორიაა და მათ რევანშისტულ განწყობებზე უარი არ უთქვამთ. რა სჭირდება საქართველოს, აფხაზეთში სიტუაცია რომ შეცვალოს? უნდა შექმნას მეხუთე კოლონა და ამტკიცოს, რომ აფხაზებს საქართველოში ყოფნა სურთ“, - განაცხადა ბარციცმა.
ფორუმზე შეკრებილთა უმეტესობამ „აფხაზური ეროვნების აღდგენის“ კანონი მწვავედ გააკრიტიკა. შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ის ყოველგვარი განხილვის გარეშე და წინდაუხედავად არის მიღებული.
0
0