22/03/2024
17:49
ეკონომიკა
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ ვაზიანის აეროპორტის განვითარებისთვის საკონსულტაციო მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.
261 773 ლარის ღირებულების ტენდერის ფარგლებში წინადადებების მიღება 20 მარტს დაიწყო და დღეს, 22 მარტს დასრულდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ტენდერი არ შედგა, რამდენადაც პრეტენდენტებისგან შეთავაზებები არ დაფიქსირებულა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერის მიზანი იყო, სპეციალიზებული საავიაციო საკონსულტაციო კომპანიის შერჩევა, რომელიც შეიმუშავებს ყოვლისმომცველ ტექნიკურ დავალებებს და შემდგომ სამოქმედო ნაბიჯებს გაწერს. შერჩეული კომპანია ვალდებული იქნება შეიმუშაოს აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმა და სხვა ტექნიკური კვლევების შეფასება. ასევე, უნდა აწარმოოს გარემოზე ზემოქმედების კვლევებსა და სამშენებლო მოედნის მოწყობაზე. გარდა ამისა, კომპანიამ აეროპორტის ინფრასტრუქტურის არქიტექტორული დიზაინიც უნდა შეიმუშაოს.
თბილისში, ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე ახალი, საერთაშორისო სტანდარტების აეროპორტის მშენებლობა გასული წლის ზაფხულში დაანონსდა. აეროპორტის ასაშენებლად საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს ავსტრიული კომპანია Airport Competence GmbH-ი ატარებს. გასულ წელს „საქაერონავიგაციამ" 230 500 ევროს ღირებულების სამუშაოებზე გამარტივებული შესყიდვის უფლება მიიღო. ეს თანხა ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მოფრენა/გაფრენის პროცედურების წინასწარი სქემების შემუშავებისთვის, ხელოვნური და ბუნებრივი დაბრკოლებების და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მონაცემების განსაზღვრისთვის დაიხარჯება.
bm.ge
0
0
აღმაშენებლის ხეივანზე მსვლელობა დასრულდა
16/11/2024