06/06/2024
20:08
სამართალი
ვარკეთილში, 2 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
მკვლელობა 5 ივნისს მოხდა. გამოძიების ცნობით, იური კალანდარიშვილმა ურთიერთშელაპარაკების დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით ორ პირს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებულები ადგილზე გარდაიცვალნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტებით (ორი პირის განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოკლულები არიან კალანდარიშვილს მეზობლად მცხოვრები 39 წლის ბაჩო ბაშარული და მისი მეგობარი, 40 წლის ნიკა არჩვაძე. ბრალდებული ამბობს, რომ ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და დანაშაულის განზრახვა არ ჰქონია. როგორც სასამართლო სხდომაზე განმარტა, ბაშარული და არჩვაძე სახლში მიუვარდნენ, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და საფრთხე შეუქმნეს მისი და მისი ცოლ-შვილის სიცოცხლეს, რის გამოც იძულებული გახდა კუთვნილი სანადირო თოფი გამოეტანა.
0
0