27/01/2025
10:42
პოლიტიკა
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), რომელიც სხვადასხვა ქვეყნებისთვის ეკონომიკური დახმარების გადანაწილებით არის დაკავებული, მუშაობის პრინციპების კარდინალური ტრანსფორმაციის განკარგულება გამოსცა. ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, დღეიდან სააგენტო პრინციპით „ამერიკა პირველ ყოვლისა“ უნდა ხელმძღვანელობდეს. იმ თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც ახალი ადმინისტრაციის მოთხოვნების შესრულებაზე უარს იტყვიან, დისციპლინარული ზომები იქნება გატარებული.
აშშ-ის ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ USAID-ის 10 ათასზე მეტ თანამშრომელს წერილი გაუგზავნა. „ამერიკის ხმის“ მტკიცებით, წერილში საუბარია სააგენტოს თანამშრომლების მიერ ახალი დირექტივების აღსრულებაზე.
USAID-მა, თავის მხრივ, მის პარტნიორებსა და კონტრაქტორებს გაუგზავნა წერილი, რომლის შინაარსის შესწავლით ცნობილი ხდება, რომ მათ „დაუყოვნებლივ უნდა გამოსცენ ბრძანებები მუშაობის შეწყვეტის შესახებ“ და „არსებული კონტრაქტები შეცვალონ ან შეაჩერონ“.
„ამ, ან მომდევნო სხვა დირექტივის, რომელიც მომდევნო კვირებში იქნება გაგზავნილი, არშესრულება დისციპლინარულ სახდელს გამოიწვევს“, - ნათქვამია წერილში.
„ჩვენ ვალდებულები ვართ მხარი დავუჭიროთ პრეზიდენტს [დონალდ ტრამპს] მისი ჩანაფიქრების რეალიზაციაში. პრეზიდენტმა საგარეო დახმარების გაწევის წესის შეცვლის უდიდესი შესაძლებლობა მოგვცა“, - ციტირებს „ამერიკის ხმა“ USAID-ის რესურსების მართვის ადმინისტრატორის თანაშემწეს კენ ჯექსონს.
0
0