12/12/2022
14:31
ეკონომიკა
მგონი, თქვენ თეა წულუკიანის მოხსნა გინდათ და რაღაცას ეშმაკობთ - ვაფრთხილებ წულუკიანს, რომ ფინანსურად ძირს უთხრიან! - ეს განცხადება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას გააკეთა.
საბიუჯეტო პროექტის მიხედვით, კულტურის სამინისტროს დაფინანსება 70 მლნ ლარით იზრდება და 470.8 მლნ ლარით განისაზღვრება.
როგორც მთავრობა განმარტავს, ასიგნებების ზრდა დაკავშირებულია ტურიზმის ხელშეწყობის კუთხით მსოფლიოში აღიარებული მუსიკალური ჯგუფებისა და მომღერლების კონცერტების ხარჯების დაფინანსებით.
კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიებები 2023-2024 წლების ტურისტულ სეზონებზე გაიმართება, თუმცა მსოფლიოში მსგავსი ღონისძიებები 1-1.5 წლით ადრე იგეგმება, ვინაიდან მსოფლიო დონის ვარსკვლავური ჯგუფები და მომღერლები საგასტროლო ტურნეებს მინიმუმ ერთი წლით ადრე გეგმავენ. ასევე, წინასწარ არის საჭირო შესაბამისი აპარატურის შეძენა და მისი საქართველოში ტრანსპორტირება.
ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე დარწმუნებულია, რომ 70 მილიონი ლარი მიმდინარე წელს აუთვისებელი დარჩება.
“მოიტყუეთ, როდესაც თქვით, რომ ვიღაცას ავანსს 31 დეკემბრამდე გადაურიცხავთ - არავითარი კონტრაქტი არ არის, არც ერთი მომღერალი არ იცით, ვინც საქართველოში ჩამოვა, არავითარი აპარატურა გაფორმებული არ არის. ეს 70 მილიონი ლარი დაუხარჯავი დარჩება. წლის ბოლოს აღმოჩნდება, რომ კულტურის სამინისტრომ ფული ვერ დახარჯა. გინდათ მინისტრი გააგდოთ? - 31 დეკემბრისთვის 70 მილიონი მიიღო და არ დახარჯა, პასუხს ბიუჯეტის ხარჯის აუთვისებლობისთვის აგებს. რაღაცას პოლიტიკურად ეშმაკობთ - გინდათ წულუკიანი გააგდოთ?! მგონი, მძიმე როკი უყვარს და კონტრაქტი გაფორმებული აქვს ზაფხულში კონცერტებზე", განაცხადა გოცირიძემ.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024