14/02/2023
10:59
კულტურა
ხელოვანი ანდრო დადიანი, რომელმაც გუშინ ეროვნული გალერეიდან საკუთარი ნამუშევრის გატანა მოითხოვა, გამოდის ინიციატივით, პრეზიდენტის სასახლეს ნამუშევრები აჩუქონ. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი და ფოტო, რომლის ჩუქებასაც თავად აპირებს.
ანდრო დადიანი წერს, რომ მას შემდეგ, რაც კულტურის სამინისტროს გენინსპექციამ ორბელიანების სასახლიდან ნახატები წაიღო, გაჩნდა თავისუფალი სივრცეები.
"ყველა გათავისუფლებული სივრცე წაშლილი დაფაა, სადაც ახალი ინფორმაცია უნდა გაჩნდეს, თანამედროვე ქართული ხელოვნების ტირაჟირებისთვის საუკეთესო ადგილია ეს, ვაჩუქოთ პრეზიდენტის სასახლეს თანამედროვე ხელოვანებმა ნამუშევრები. მე მინდა ეს ნამუშევარი ვაჩუქო სასახლეს", - წერს ანდრო დადიანი და 1918 წლის, დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო დროშის ფოტოს აქვეყნებს.
ცნობისთვის, ანდრო დადიანმა ეროვნული გალერეიდან ნამუშევრების გატანა მხატვარ სანდრო სულაბერიძის სოლიდარობისა და მიმდინარე მოვლენების მიმართ პროტესტის ნიშნად მოითხოვა. იგივე შინაარსის განცხადებები გააკეთა გამოფენის კიდევ სამმა მონაწილემ.
0
0