18/07/2022
12:44
მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს ბაქოში აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და აზერბაიჯანიდან ევროკავშირში ბუნებრივი გაზის იმპორტის მოცულობის გაზრდის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, შეთანხმება დაეხმარება ევროკავშირს შეამციროს დამოკიდებულება რუსულ ენერგეტიკაზე და ასევე შესაძლებელს გახდის მოაგვაროს გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 1“-ის დაგეგმილი წლიური ტექნიკური სამუშაოები დაიწყო.
ამასთან, Reuters-თვის ცნობილი გახდა დოკუმენტის შინაარსი, რომლის თანახმად, ბაქოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმება გაზრდის გაზის ნაკადს ბლოკში სამხრეთ გაზსადენის დერეფნის გავლით.
„მხარეები მიისწრაფიან მხარი დაუჭირონ ბუნებრივი გაზის ორმხრივ ვაჭრობას, მათ შორის ევროკავშირში ექსპორტის გზით, სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, 2027 წლისთვის, ყოველწლიურად მინიმუმ 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მოცულობით“, - ნათქვამია დოკუმენტში.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მილსადენით ევროკავშირში 8 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება განხორციელდა.
0
0