30/09/2024
18:04
მსოფლიო
ბუდაპეშტში უნგრეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა.
როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, უნგრეთი უკრაინისგან უნგრული უმცირესობების უფლებების აღდგენას ელოდება. სიიარტოს თქმით, ამასთან დაკავშირებით უნგრულმა მხარემ უკრაინის მთავრობას 11-პუნქტიანი შეთავაზების პაკეტი წარუდგინა.
„უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობები უნდა იყოს დაფუძნებული ორმხრივ კეთილ ნებასა და ურთიერთპატივისცემაზე. შესაბამისად, პატივისცემით, თუმცა ჩვენ ველოდებით უკრაინისგან უნგრული უმცირესობის უფლების აღდგენას. კერძოდ, განათლების სფეროში მშობლიურ ენაზე წვდომის, კულტურის, სახელმწიფო მართვის კუთხით. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ წარვუდგინეთ უკრაინის მთავრობას 11-პუნქტიანი შეთავაზების პაკეტი. ამ პაკეტის განსახილველად ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფები და მინისტრთან შევთანხმდით, რომ ამ ჯგუფების მუშაობას დავაჩქარებთ“, – განაცხადა სიიარტომ.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ბუდაპეშტი ისურვებდა, მომავალში უკრაინას თავი შეეკავებინა ცალმხრივი ნაბიჯებისგან, რომელთა მსგავი მან ბოლო დროს გადადგა და რომლებმაც უნგრეთში ენერგორესურსების მიწოდება შეაფერხა. თუმცა სიიარტოს თქმით, უნგრეთი არ შეზღუდავს მის გავლით უკრაინაში გაზის ან ელექტროენერგიის მიწოდებას. გარდა ამისა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთს უკრაინის აღდგენაში მონაწილეობის მიღება სურს.
თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ უკრაინა ადასტურებს უნგრული თემის უფლებების დაცვის საერთაშორისო და ორმხრივ ვალდებულებებს.
„უკრაინა მზად არის, უზრუნველყოს უნგრული უმცირესობის უფლებები. ჩენ უნდა გავზარდოთ დინამიკა და ვისწრაფოდეთ გადაწყვეტილებებისკენ ყველა სენსიტიურ საკითხში“, – აღნიშნა სიბიგამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, მადლობას უხდის უნგრეთს სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.
„მე ავუხსენი ჩემს კოლეგას ფრონტზე შექმნილი სიტუაცია. ჩვენ მადლობლები ვართ ჩვენი სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და სანქციების პაკეტზე თანხმობისთვის. დიდად ვაფასებთ იმ დახმარებას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა უნგრეთისგან იღებს ამ რთულ დროს, ამას არასდროს დავივიწყებთ“, – აღნიშნა უკრაინელმა დიპლომატმა.
ამასთან, სიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს ყველა საერთაშორისო ინიციატივას, რომელიც დიპლომატიის გზით მშვიდობის მიღწევას უწყობს ხელს.
„უნგრეთი მხარს უჭერს ყველა საერთაშორისო ინიციატივას, რომელიც მშვიდობის რაც შეიძლება მალე მიღწევის შანსს იძლევა. და ჩვენ მხას ვუჭერთ ყველა ინიციატივას, რომელიც დიპლომატიის გზით ამ ომის რაც შეიძლება მალე დასრულების იმედს მოგვცემს“, – განაცხადა სიიარტომ.
0
0