28/11/2024
13:10
მსოფლიო
ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, უკრაინა არ არის საკმარისად ძლიერ პოზიციაში იმისთვის, რომ რუსეთთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს.
Fox News-თან ინტერვიუში რუტემ ხაზი გაუსვა უკრაინისთვის ხელსაყრელი შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ეს იქნება პრეცედენტი იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც რუსეთის მსგავსი მიზნები აქვთ.
„ვფიქრობ, გადამწყვეტია, რომ კარგი შეთანხმება გვქონდეს, რადგან მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს, თუ რა ტიპის გარიგება დაიდება რუსეთსა და უკრაინას შორის. უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა უფრო ძლიერ პოზიციაშია, ვიდრე ამჟამად იმისთვის, რომ დაიდოს შეთანხმება, რომელიც არ იქნება ხელსაყრელი რუსებისთვის - და, შესაბამისად, ჩინეთისთვის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანისთვის - იმიტომ, რომ ისინი ყველა დააკვირდებიან“, - განაცხადა რუტემ.
მან გვერდი აუარა კითხვას, მზად არის თუ არა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიყვანოს - ან მოელის თუ არა, რომ ამას აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გააკეთებს და განაცხადა, რომ „ეს იქნება კოლექტიური ძალისხმევა, როდესაც უკრაინა უფრო ძლიერ მდგომარეობაში იქნება მოლაპარაკებების დასაწყებად“.
„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინელებს შეუძლიათ განიხილონ თავიანთი ქვეყნის მომავალი ამ ძლიერი პოზიციიდან“, - განაცხადა რუტემ და დასძინა, რომ უკრაინელები მოლაპარაკებების მაგიდასთან მაშინ დასხდებიან, როცა იგრძნობენ, რომ ამისგან რაღაცის მიღება შეუძლიათ.
„ამ მომენტში ისინი ნამდვილად არახელსაყრელ სიტუაციაში არიან”, - განაცხადა რუტემ.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ შეძლებენ ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანას.
„ჩვენ შევძლებთ პუტინის მაგიდასთან მიყვანას, რადგან ის იგრძნობს, რომ საბოლოო ჯამში, ბრძოლის გაგრძელება მის ინტერესებში არ არის“, - აღნიშნა რუტემ.
რაც შეეხება ნატო-ს ჯარების რეგიონში განლაგების შესაძლებლობას, გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ეს კეთილგონივრული გადაწყვეტილება არ იქნება.
„არ ვფიქრობ, რომ ეს კეთილგონივრულია. რაც უნდა გაკეთდეს, არის იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინელებს შეუძლიათ ამ ბრძოლის წინ წაწევა, რომ ისინი ძლიერ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, როცა მოლაპარაკებებს დაიწყებენ და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მათ უნდა მივაწოდოთ მათთვის საჭირო იარაღი იმისთვის, რომ როდესაც მოლაპარაკებები დაიწყება ძლიერ მდგომარეობაში იყვნენ“, - აღნიშნა რუტემ.
0
0