09/07/2024
20:58
სპორტი
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მე-3 ტურში იტალიასთან ითამაშა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა მორაგბეებმა მატჩი ცუდად დაიწყეს, იტალია ბელონის ლელოთი მე-13 წუთზე დაწინაურდა და ბრისიგელამ გარდასახვა გაიტანა - 0:7.
ლადო კილასონიას გუნდი გაშვებული ლელოს შემდეგ საოცრად ათამაშდა. აუტიდან მოწოდებული ბურთი, მიხეილ ხახუბიამდე მივიდა, რომელმაც საქართველოს პირველო ლელო გაიტანა. ლუკა ცირეკიძის გარდასახვა ზუსტი იყო და ანგარიში გათანაბრდა - 7:7.
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა საჯარიმო ლელოთი შეძლო წინ გასვლა. აღსანიშნავია, რომ იტალიელებს პრობლემა ჰქონდათ დისციპლინაში და პირველ ტაიმში ორი მორაგბე გაუსინბინეს. იტალიამ ტაიმის მიწურულს ჯარიმა გაიტანა და პირველი ნახევარი 10:14 წააგო.
ნაკრებებმა მეორე ტაიმის პირველ 20 წუთში ქულები ვერ დააგროვეს. 62-ე წუთზე ბურთი შერკინებიდან ანდრო დვალმა გამოიტანა, რის შემდეგაც გიორგი ხაინდრავას გაუკეთა პასი და ამ უკანასკნელმა საქართველოს მესამე ლელო გაიტანა, ცირეკიძის გარდასახვა ისევ ზუსტი იყო - 21:10.
იტალიელებმა 67-ე წუთზე გასპერინის ლელოთი ანგარიშში სხვაობა შეამცირეს, ბრისიგელას გარდასახვა ზუსტი იყო და სხვაობა ისევ 4 ქულამდე შემცირდა - 17:21. ცვლილებაზე შესულმა მიხეილ ყაჩლავაშვილმა გამარჯვების მომტანი ლელო გაიტანა, ცირეკიძე ისევ ზუსტი იყო და მატჩის საბოლოო ანგარიში ტაბლოზე 28:17 დაფიქსირდა.
20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა იტალიელთა დამარცხება შეძლო და ბონუსქულაც მოიპოვა. თუ ინგლისის ნაკრები სამხრეთ აფრიკას ისე დაამარცხებს, რომ სამხრეთაფრიკელები ბონუსქულას ვერ აიღებენ, საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-5 ადგილისთვის ბრძოლას გააგრძელებს.
0
0