28/07/2022
12:35
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი გამოეხმაურა ფეხბურთის თურქი გულშემატკივრების მიერ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის სახელის სკანდირებას სტამბოლის სტადიონზე, სადაც 27 ივლისს გაიმართა კიევის „დინამოს“ და სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ მატჩი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეჰ ნიკოლენკომ დღეს, 28 ივლისს, ფეისბუკზე დაწერა, რომ „ფენერბაჰჩეს“ გულშემატკივრები პუტინის, ხოლო „დინამოს“ გულშემატკივრები უკრაინის შეიარაღებული ძალების სახელს სკანდირებდნენ და „უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირ პუტინზე გაიმარჯვეს, ანგარიშით 2:1“. ნიკოლენკო თურქ ფანებს ურჩევს, „გამარჯვებულის მხარე დაიჭირონ“.
კიევის „დინამო“ და სტამბოლის „ფენერბაჰჩე“ ერთმანეთის მეტოქეები იყვნენ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩში. როგორც უკრაინული მედია წერს, თურქი გულშემატკივრების ქმედებისადმი პროტესტის ნიშნად, "დინამოს" მთავარი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ არ მივიდა შეხვედრის შემდეგ დანიშნულ, ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.
0
0