04/07/2024
11:04
სპორტი
თურქეთ -ავსტრიის შეხვედრისას, ფინალურ ტურში თურქმა მცველმა მერიჰ დემირალმა ორი გოლი გაიტანა და საფეხბურთო ნაკრებმა ანგარიშით 2-1 გამარჯვება იზეიმა ჟესტით, რომელიც ცნობილია როგორც "მგლის მისალმება".
როგორც აღმოჩნდა, სიმბოლო დაკავშირებულია თურქულ მემარჯვენე ექსტრემისტულ ჯგუფთან "რუხი მგლები"
აღნიშნული ფაქტი უეფას ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. უფრო მეტიც, ამას გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრიც გამოეხმაურა. მან დაგმო თურქი მცველის ასეთი ფორმით გამოხატული სიხარული.
"თურქი მემარჯვენე ექსტრემისტების სიმბოლოებს ადგილი არ აქვს ჩვენს სტადიონებზე. ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატის რასიზმის პლატფორმად გამოყენება სრულიად მიუღებელია. ჩვენ ველით, რომ უეფა გამოიძიებს საქმეს და განიხილავს სანქციებს", - ავრცელებს cnn გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის ნენსი ფეზერის განცხადებას, რომელიც X-ზე გამოაქვეყნა და იქვე აღნიშნა, რომ ჯგუფი გერმანიაში ყოფნისას განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.
გამარჯვების შემდეგ, დემირალმა მისი ფოტო X-ზე გამოაქვეყნა.
“ჩემს გონებაში მხოლოდ საზეიმო განწყობა სუფევდა. სწორედ ამიტომ გავაკეთე ეს. ეს დაკავშირებულია თურქულ იდენტობასთან და მე ძალიან ვამაყობ, რომ თურქი ვარ. სიხარული კიდევ უფრო გამიმძაფრდა მეორე გოლის შემდეგ, ამიტომ შევასრულე ეს ჟესტი", - განუცხადა დემირალმა ჟურნალისტებს თამაშის შემდეგ.
თავის მხრივ, ევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, უეფამ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ დემირალის "სავარაუდო შეუსაბამო ქცევას" იძიებს.
"2024 წლის უეფას ევროპის ჩემპიონატის 16-ფინალური ეტაპის მატჩთან დაკავშირებით, ავსტრიასა და თურქეთს შორის, რომელიც 2024 წლის 2 ივლისს ლაიფციგში გაიმართა, გერმანიამ გამოძიება დაიწყო უეფას დისციპლინური რეგლამენტის 31(4) მუხლის შესაბამისად. თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის ფეხბურთელის, მერიჰ დემირალის არასათანადო საქციელის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით", - ნათქვამია უეფა-ს განცხადებაში.
CNN კომენტარისთვის თურქეთის ფეხბურთის ფედერაციას დაუკავშირდა.
ოთხშაბათს გავრცელებულ განცხადებაში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უეფა-ს მიერ დემირალის წინააღმდეგ დისციპლინური გამოძიების დაწყება მიუღებელია.
“მიუხედავად იმისა, რომ ნიშანი “რუხი მგელი“ არ არის გერმანიაში აკრძალული სიმბოლო, გერმანიის ხელისუფლების მიერ ბატონ დემირალის მიმართ გამოვლენილი რეაქციები ქსენოფობიაა. ჩვენ ვგმობთ პოლიტიკურად მოტივირებულ რეაქციებს ისტორიული და კულტურული სიმბოლოების გამოყენებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოგვიანებით, თურქეთმა დაიბარა გერმანიის ელჩი. თურქეთის შემდეგი თამაში შაბათს ბერლინში, ევრო 2024-ის მეოთხედფინალში ჰოლანდიის წინააღმდეგ გაიმართება.
0
0