06/11/2024
22:57
პოლიტიკა
უბნებზე აპარატები ისე იდგა, ისე იყო განლაგებული, რომ ნებისმიერს შეეძლო სურვილის შემთხვევაში დაენახა თუ ვის აძლევდა ხმას სხვა ამომრჩეველი, მაგრამ ეს, ზოგადად, ამ ქვეყანაში პრობლემად არ აღიქმება იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანები არ მალავენ საკუთარ არჩევანს, - განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ აშშ-დან.
მისივე თქმით, ის დამცავი მექანიზმები, რაც საქართველოში არსებობს, მაგალითად კონვერტები და ა.შ. აშშ-ში რეალურად არ არის.
„ვიმყოფები ახლა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში ვაკვირდებოდი არჩევნებს, როგორც ეუთოს დელეგაციის ერთ-ერთი წევრი. ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ თვითონ არჩევნების დღემ საკმაოდ მშვიდად ჩაიარა. ყოველ შემთხვევაში, კალიფორნიაში ექსცესებს ადგილი არ ჰქონია, თუმცა, ქვეყნის მასშტაბით, იცით, რომ იყო რამდენიმე შემთხვევა, სადაც ბომბზე იყო საუბარი. რამდენიმე უბანზე დროებით შეჩერდა ხმის მიცემის პროცესი, თუმცა, ზოგადად რომ შევაფასოთ, თვითონ არჩევნების დღე, საკმაოდ მშვიდი იყო.
ფარულობაზე, ამ შემთხვევაში, საქართველოსთან მიმართებაში საუბარი ცოტა სასაცილოა იქიდან გამომდინარე, რომ თუ ამერიკის არჩევნებს შევხედავთ, აქ მოსახლეობის თითქმის ნახევარზე მეტმა წინასწარ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და ძალიან დიდმა ნაწილმა საერთოდ ფოსტით გამოაგზავნა საკუთარი ბიულეტენი. ფოსტით გამოგზავნილი ბიულეტენის შემთხვევაში ფარულობას ვერავინ დაადგენს, რა თქმა უნდა. რაც შეეხება უშუალოდ არჩევნების დღეს, მინდა გითხრათ, რომ არანაირი კონვერტი არ არსებობდა. ისევე როგორც საქართველოს შემთხვევაში, აქაც ამომრჩეველს უნდა შეეცურებინა ბიულეტენი აპარატში, რომელიც იდგა და იმ შემთხვევაში, თუ ის ამას ვერ ახერხებდა, რა თქმა უნდა, მოდიოდა შემდეგ კომისიის თანამშრომელი, ეხმარებოდა მას. ყველაფერი ძალიან კარგად ჩანდა როგორ აცურებდა ეს ადამიანი და რა არჩევანი ჰქონდა მას გაკეთებული. ასევე, ზოგადად, უბნებზე ეს აპარატები ისე იდგა, ისე იყო განლაგებული, რომ ნებისმიერს შეეძლო სურვილის შემთხვევაში დაენახა თუ ვის აძლევდა ხმას სხვა ამომრჩეველი, მაგრამ ეს, ზოგადად, ამ ქვეყანაში პრობლემად არ აღიქმება იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანები არ მალავენ საკუთარ არჩევანს და ზოგადად, ეს ფარულობის „გაფეტიშება“, ამ შემთხვევაში არ ხდება.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ის დამცავი მექანიზმები, რაც საქართველოში არსებობს, მაგალითად კონვერტები და ა.შ. აქ რეალურად არ არის. ბიულეტენი ჩანს, ხელში უჭირავს ამომრჩეველს და ისე აცურებს აპარატში. სხვათა შორის, ეს აღინიშნა დამკვირვებლების მიერ და ამაზე ალბათ იქნება მითითება, თუმცა დიდ პრობლემად ეს აქ არ აღიქმება“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
0
0