05/09/2024
10:44
სპორტი
5 სექტემბერს ბათუმში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მოლდოვას უმასპინძლებს – მატჩი „ბათუმი არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საქართველოსა და მოლდოვის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე არსებულ თამაშის გვერდზე, ამას გარდა, „ბათუმი არენაზე“ 5 სექტემბრის დილის 11:00 საათიდან იმუშავებს სალარო.
მატჩის წინ ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ გუნდი „ბათუმი არენაზე“ ავარჯიშა, შემდეგ კი მოახლოებულ მატჩზე კომენტარი გააკეთა:
„საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა. მოსამზადებლად არც ისე დიდი დრო გვქონდა, მაგრამ ამ მოკლე პერიოდის მაქსიმალურად კარგად გამოყენებას ვეცადეთ. მჯერა ჩემი ფეხბურთელების, დიდი ხანია, ერთად მოვდივართ და წარმატებული პერიოდი გვაქვს. ახლა მხოლოდ მოლდოვასთან თამაშზე ვფიქრობთ, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს. მზად ვართ, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ მოედანზე გადაწყდება.
ვთხოვ გულშემატკივრებს, მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ, რადგან სულ სხვაგვარი გუნდი ვართ, როდესაც ჩვენი ქომაგი გვამხნევებს“.
მოლდოვასთან მატჩის შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდი ვენლოში გაემგზავრება და ნიდერლანდების 21-წლამდელებს შეხვდება.
სატურნირო მდგომარეობა:
ადგ | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | ნიდერლანდები | 7 | 7 | 0 | 0 | 21-2 | 21 |
2 | საქართველო | 6 | 4 | 1 | 1 | 6-3 | 13 |
3 | შვედეთი | 6 | 3 | 1 | 2 | 13-5 | 10 |
4 | მოლდოვა | 7 | 2 | 0 | 5 | 6-15 | 6 |
5 | ჩრ. მაკედონია | 6 | 2 | 0 | 4 | 3-7 | 6 |
6 | გიბრალტარი | 8 | 1 | 0 | 7 | 3-20 | 3 |
ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი“), ლუკა ხარატიშვილი („დინამო“ ბათუმი), ლევან თანდილაშვილი („თელავი“).
მცველები: დავით გოგოტიშვილი („თელავი“), საბა ხვადაგიანი, ნიკოლოზ უგრეხელიძე (ორივე – „დინამო თბილისი“), საბა მამაცაშვილი („სირიუსი“, შვედეთი), ზურაბ რუხაძე („დილა“), დავით ზურაბიანი („კოლხეთი“ ფოთი), ლადო ოდიშვილი („თელავი“), საბა საზონოვი („ემპოლი“, იტალია).
ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ოთარ მამაგეიშვილი, გიზი მამაგეიშვილი (ორივე – „იბერია 1999“), ლევან ოსიყმაშვილი („დინამო თბილისი“), ირაკლი ეგოიანი („ვიტესი“, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე („დინამო მოსკოვი“, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე („დილა“), თორნიკე მორჩილაძე („თელავი“).
თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი („დინამო თბილისი“), გიორგი კვერნაძე („ფროსინონე“, იტალია), გიორგი აბუაშვილი („კოლხეთი“ ფოთი), ჯადული იობაშვილი („დინამო თბილისი“).
პირველი არხი
0
0