26/12/2023
15:57
ეკონომიკა
ტყიბულის მუნიციპალიტეტი, ტყიბულის წყალსაცავზე არსებულ კუნძულებს 2 მილიონ ლარად ყიდის.
აუქციონის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, იყიდება 3 კუნძული. პირველის - 315 018 კვ.მ. მიწის ფართობის საწყისი ღირებულება 1.7 მლნ ლარია, ვაჭრობის ბიჯი - 1000 ლარი, საგარანტიო თანხა კი 170 000 ლარი.
მეორე - 21 421 კვ.მ. მიწის ფასი 120 000 ლარია, ბიჯი - 1000 ლარი, საგარანტიო თანხა - 12 000 ლარი.
მესამე მიწის ნაკვეთის, 31 828 კვ.მ.-ის - ფართობის საწყისი ფასი 180 000 ლარია, საგარანტიო თანხა 18 000 ლარს შეადგენს, ვაჭრობის ბიჯი კი ამ შემთხვევაშიც 1000 ლარია.
სამივე აუქციონი 28 დეკემბერს დასრულდება.
„თავისუფალი მიწის ნაკვეთები მდებარეობს ტყიბულის წყალსაცავზე სოფელ ახალსოფლის მხარეს. გოგნის წმინდა გიორგის სახელობის სალოცავიდან რამდენიმე კილომეტრში. ქალაქ ტყიბულიდან 5 კილომეტრში. საუკეთესო ტერიტორიაა ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარების მხრივ“, - ნათქვამია მიწების აღწერილობაში.
ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 4-5 წლის განმავლობაში, მყიდველს ეკისრება:
- ტერიტორიის მოწესრიგება;
- ეკონომიკური საქმიანობით დატვირთვა;
- ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა;
- ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება.
315 018 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე „ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა“, მყიდველმა უნდა დაასრულოს 5 წლის განმავლობაში და განახორციელოს არანაკლებ 6 მლნ ლარის ინვესტიცია შემდეგი პერიოდულობით:
- ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის განმავლობაში - 2.000.000 ლარი;
- ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში ჯამურად - 6.000.000 ლარი.
21 421 კვ.მ. და 31 828 კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე „ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა“, მყიდველმა უნდა დაასრულოს 4 წლის განმავლობაში და განახორციელოს არანაკლებ 1 მლნ ლარის ინვესტიცია შემდეგი პერიოდულობით:
- ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის განმავლობაში - 500.000 ლარი;
- ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის განმავლობაში ჯამურად - 1.000.000 ლარი.
წყარო: bpn.ge
0
0