28/03/2024
11:34
სამართალი
ნიკა გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე „ქრონიკასთან“ აცხადებს, რომ არ აქვს მოლოდინი, მას შემდეგ, რაც სტრასბურგმა მისი გადაწყვეტილების სამართლიანობა დაადასტურა, ვინმე ბოდიშს მოუხდის.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს ბოლო წლების გადაწყვეტილებები ადასტურებს იმას, რომ საერთო სასამართლოების, ანუ ქართველი მოსამართლეების გადაწყვეტილებები შეესაბამება სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს.
„ველოდები თუ არა ვინმესგან ბოდიშის მოხდას? არ მაქვს ასეთი მოლოდინი. რაც შეეხება სასამართლოდან წარგზავნილ საჩივრებს, სტრასბურგის სასამართლოს ბოლო წლების გადაწყვეტილებები ადასტურებს იმას, რომ საერთო სასამართლოების, ანუ ქართველი მოსამართლეების გადაწყვეტილებები შეესაბამება სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს. მოსამართლეების გადაწყვეტილებები არის კანონიერი და სრულად თავსებადი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებებთან. ჩემთვის ეს ასევე ნიშნავს, რომ მოსამართლეები გადაწყვეტილებებს იღებენ დამოუკიდებლად, ყოველგვარი ჩარევების გარეშე. სასამართლო მუდმივად არის ბულინგის, „გაშავების“, მოსამართლეების დემონიზაციის, თუ რაღაც უსაფუძვლო, კორუფციული ბრალდებების ობიექტი. არის ბევრი გამოწვევა, რაც საჭიროებს სამართლებრივ გადაჭრას და რაც პირველ რიგში უნდა ემსახურებოდეს სამოქალაქო საზოგადოების დაცულობის და სასამართლოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის და სწორად ფუნქციონირების საჯარო ინტერესს და არა კონკრეტული პოლიტიკოსების, თუ არასამთავრობო ორგანიზაციების რაღაც უაზრო ახირებებს. მე თხოვნა მაქვს ყველასთან, რომ მივეჩვიოთ და ვისწავლოთ სასამართლო გადაწყვეტილებების პატივისცემას“, - აღნიშნა ჩხიკვაძემ.
სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა. ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოში სწორედ ამ საქმეს ასაჩივრებდა.
2023 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.
0
0