11/12/2024
18:17
კონფლიქტები
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა, - ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს და განმარტავს, რომ ამის მიზეზი გახდა ენგურჰესის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში ერთადერთი ელექტროსადგურის, გათიშვა.
კომპანია "ჩერნომორენერგოს" განცხადებაში ნათქვამია, რომ ენერგომომარაგების სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით მზადდება ელექტროენერგიის მიწოდების ახალი გრაფიკი.
მოგვიანებით "ჩერნომორენერგომ" გამოაქვეყნა გრაფიკი, რომლის თანახმად, აბონენტებს შუქს 07:00 საათიდან 21:00-მდე მონაკვეთში დღეში მხოლოდ ორჯერ ჩაურთავენ - 1 საათითა და 24 წუთით.
აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის შემდეგ მკვეთრად გაუარესდა სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, რასაც ადგილობრივი მიმომხილველები მოსკოვის უკმაყოფილებასა და შურისძიებას უკავშირებენ.
აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები 2024 წლის ნოემბრიდან დაიწყო. დე ფაქტო რესპუბლიკა ელექტროენერგიას იღებს რუსეთიდან და ენგურის ჰიდროელექტროსადგურიდან, რომლის წარმოების მოცულობა ახლა უკიდურესადაა შემცირებული ჯვრის წყალსაცავში წყლის დონის კრიტიკული ვარდნის გამო.
ელექტროკრიზისის გამო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ აღზრდისა და განათლების კერები. დე ფაქტო განათლების მინისტრის, ინალ გაბლიას თქმით, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში 11 დეკემბრიდან 17 დეკემბრამდე არდადეგები გამოცხადდა.
0
0